„დიდი სლემის“ ტურნირების 24-გზის ჩემპიონმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა აღიარა, რომ მისთვის რთულია მსოფლიო რეიტინგის ლიდერებთან – ესპანელ კარლოს ალკარასთან და იტალიელ იანიკ სინერთან კონკურენცია.
„იწყება ბოლო თავი ჩემს საჩოგბურთო ცხოვრებაში, იმის მიუხედავად, რამდენი ხანი გაგრძელდება ის. უნდა შევინარჩუნო სპორტული შიმშილი და კონკურენტუნარიანობა კორტზე, მაგრამ, ამავდროულად, მიწევს შეჯახება გარკვეულ რეალიებთან, რომელიც ჩემთვის იოლი მისაღები არ არის. რადგან ჩემი კარიერის დიდი ნაწილი დომინანტი მოთამაშე ვიყავი, ახლა კი ჩემზე დომინირებენ ალკარასი და სინერი.
ვაცნობიერებ, რომ დღეს ორივენი ჩემზე უკეთესები არიან. ასეთია რეალობა. ჩემი კარიერის დიდი ნაწილი მიუღწეველი რაღაცეების მჯეროდა, მაგრამ ყოველთვის ძალიან ოპტიმისტი ვიყავი საკუთარი მიზნების მიღწევაში. მყარად მჯერა მენტალური ძალის, მაგრამ, ამავდროულად, ბიოლოგიისაც მჯერა. 38 წლის ვარ, ორგანიზმის ცვეთა – ეს რეალობაა. და წელს მე რამდენჯერმე შევეჩეხე ამ რეალობას.
ამ ორივე მოთამაშემ მაიძულა ეჭვი შემეპარა იმაში, რომ შევძლებ „დიდი სლემის“ კიდევ ერთი ტიტულის მოგებას, მაგრამ, როცა კორტზე გავდივარ, ჩემთვის სულერთია ვის ვეთამაშები, მთავარია მე ვიყო უკეთესი, რათა მოვიგო და ამისთვის ყველაფერი გავიღო. მე კვლავინდებურად გამარჯვებულის აზროვნება მაქვს, და ვიმედოვნებ მხოლოდ იმას, რომ შევძლებ მომავალშიც შევინარჩუნო საკუთარი სხეული ფორმაში“, – განაცხადა ჯოოვიჩმა პირს მორგანთან ინტერვიუში.
ბოლოს სერბმა „დიდი სლემის“ ტურნირი 2023 წელს მოიგო, როცა აშშ-ის ღიას ფინალში რუსი დანიილ მედვედევი დაამარცხა.