ნოვაკ ჯოკოვიჩმა დოჰას ტურნირის ნახევარფინალი წააგო

22:17, 04.01.2019

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ვერ შეძლო დოჰას ტურნირის ფინალში გასვლა. მეოთხედფინალში ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილის მძიმე ბრძოლაში დამარცხების შემდეგ, ნოვაკი ნახევარფინალში ესპანელ რობერტო ბაუტისტა-აგუტს ვერ გაუმკლავდა და სამ სეტში დამარცხდა – 6:3, 6:7(6), 4:6. შეხვედრა ორი საათი და 37 წუთი გაგრძელდა.

მატჩის პირველი ნახევარი, თითქოს, არ მოასწავებდა კატასტროფას სერბი ჩოგბურთელისთვის. პირველ სეტში მან ერთადერთი ბრეიკის წყალობით მოიგო, მეორე სეტშიც პირველმა გააკეთა ბრეიკი, 4:3 დაწინაურდა და ორი გეიმის მოგება აშორებდა ფინალის საგზურამდე.

მაგრამ, ბაუტისტა-აგუტმა იქვე დაიბრუნა დაკარგული მოწოდება, მომდევნო გეიმებში კი სამი სეტბოლი ჰქონდა, მაგრამ ვერც ერთი შანსი ვერ გამოიყენა და ტაი-ბრეიკი დაინიშნა. ესპანელი იქაც ფლობდა ინიციატივას და საბოლოოდ, მეხუთე სეტბოლზე შეძლო პარტიის მოგება და ანგარიშის გათანაბრება.

გადამწყვეტი სეტის პირველივე გეიმში ბაუტისტამ ბრეიკი გაახერხა და შემდეგ ძალიან დამაჯერებლად შეინარჩუნა ეს უპირატესობა – ესპანელმა სერბს არც ერთი ბრეიკ-პოინტის შანსი არ მისცა, უფრო მეტიც, მის გეიმებში “თანაბარ” ანგარიშამდეც არ მისულა საქმე.

მსგავსი