ნოვაკ ჯოკოვიჩმა 35-ე „მასტერსი“ მოიგო - სერბს ამ სერიის ყველა ტურნირი მინიმუმ ორ-ორჯერ აქვს მოგებული
ნოვაკ ჯოკოვიჩმა 35-ე „მასტერსი“ მოიგო - სერბს ამ სერიის ყველა ტურნირი მინიმუმ ორ-ორჯერ აქვს მოგებული

მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი ცინცინატის „მასტერსის“ ჩემპიონი გახდა, რითაც უნიკალური რეკორდი დაამყარა.

ფინალში სერბმა ჩოგბურთელმა ორ საათში სამ სეტში დაამარცხა მილოშ რაონიჩი – 1:6, 6:3, 6:4. აქამდე ჯოკოვიჩი ერთადერთი ჩოგბურთელი იყო ისტორიაში, რომელსაც „მასტერსის“ სერიის ყველა ტურნირი მინიმუმ ერთხელ ჰქონდა მოგებული, ახლა კი მას ყველა ამ ტურნირზე მინიმუმ ორჯერ გაუმარჯვია! სულ 33 წლის ჩოგბურთელს კარიერაში 35 „მასტერსი“ აქვს მოგებული და ამ მაჩვენებლით გაუთანაბრდა რეკორდსმენ რაფაელ ნადალს.

ნოვაკ ჯოკოვიჩი 2020 წელს დაუმარცხებელია – 23 მოგება და 0 წაგება. ცინცინატის „მასტერსზე“ ის ახლოს იყო მარცხთან ნახევარფინალში, როცა მისი მეტოქე რობერტო ბაუტისტა აგუტი მესამე სეტში 6:5-ზე მატჩზე აწვდიდა. ფინალშიც ჯოკოვიჩმა რამდენიმე რთული მომენტი გადაიტანა: პირწმინდად წააგო პირველი სეტი, მესამეში კი სტარტზე 0:2 ჩამორჩა. ამ რთულ მომენტში სერბმა ზედიზედ ოთხი გეიმის აღება მოახერხა, მეათე გეიმში, როცა მატჩზე აწვდიდა, ერთი ბრეიკ-პოინტი მოიგერია და კარგი განწყობით ხვდება აშშ-ის ღიას, რომელიც 31 აგვისტოს დაიწყება.

დატოვე კომენტარი