ნოვაკ ჯოკოვიჩი რომის „მასტერსის“ ფინალშია
ნოვაკ ჯოკოვიჩი რომის „მასტერსის“ ფინალშია

რომის „მასტერსის“ პირველი ფინალისტი სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი გახდა. ნახევარფინალში მსოფლიოს პირველი ნომრის მეტოქე ნორვეგიელი კასპერ რუუდი იყო, რომელმაც ნახევარფინალამდე კარენ ხაჩანოვისა და მატეო ბერეტინის დამარცხება შეძლო და პირველად გავიდა „მასტერსის“ ტურნირების ნახევარფინალში.

ნოვაკმა მორიგი რთული ბრძოლა გადაიტანა. სერბი პირველ სეტში სერიოზულ პრობლემებს წააწყდა – რუუდი 5:4-ზე სეტზე აწვდიდა, მაგრამ შანსი ხელიდან გაუშვა, მე-11 გეიმში კი სამი დაფარული სეტბოლი ჰქონდა და სამივე გაანიავა.

მეორე სეტში ჯოკოვიჩმა ერთადერთი ბრეიკით მოიგო, თუმცა ამ პარტიაშიც მოუწია რამდენიმე ბრეიკ-პოინტის მოგერიება. საბოლოოდ, რუუდმა რვიდან მხოლოდ ერთი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, ჯოკოვიჩმა – ცხრიდან სამი. მატჩი ორი საათი და 12 წუთი გაგრძელდა – 7:5, 6:3.

ჯოკივიჩს ერთი ნაბიჯი აკლია „მასტერსის“ სერიის 36-ე ტიტულამდე, რაც აბსოლუტური რეკორდი იქნება. ნოვაკის მეტოქე არგენტინელი დიეგო შვარცმანისა და კანადელი დენის შაპოვალოვის შეხვედრაში გაირკვევა.