ნოვაკ ჯოკოვიჩი ოქტომბერში შეიძლება პირველი ჩოგანი გახდეს
ნოვაკ ჯოკოვიჩი ოქტომბერში შეიძლება პირველი ჩოგანი გახდეს

მამაკაცთა პროფესიულ ტურში, შესაძლოა, სულ მალე ლიდერი შეიცვალოს. რაფაელ ნადალმა გადაწყვიტა ჩინური ტურნირები გამოტოვოს. შარშან, ესპანელმა პეკინში გამარჯვება მოახერხა, შანხაიში კი ფინალამდე მივიდა და იქ როჯერ ფედერერთან წააგო. შესაბამისად, აზიური ტურნეს გამოტოვების გამო, ძალიან ბევრ სარეიტინგო ქულას დაკარგავს.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს ეძლევა შანსი, ამ ორი ჩინური ტურნირის შემდეგ, რეიტინგს სათავეში ჩაუდგეს.

ამ მომენტისთვის, ჯოკოვიჩის ჩამორჩენა ნადალთან 2315 ქულას შეადგენს. ჩინურ ტურნირზე უარის თქმით, რაფა დაკარგავს 1100 სარეიტინგო ქულას და სხვაობა ჩოგბურთელებს შორის 1215 ქულა გახდება.

შესაბამისად, ATP-ის რეიტინგის პირველ ადგილზე დასაბრუნებლად, სერბ ჩოგბურთელს სჭირდება შანხაიში მოგება (1000 ქულა) და პეკინში მინიმუმ ფინალამდე მისვლა (300 ქულა).

უნდა აღვნიშნოთ, რომ ნოვაკს არ აქვს შეტანილი განაცხადი ჩინეთის დედაქალაქში, ამიტომაც, ამ გეგმის ასრულებისთვის ორგანიზატორებისგან „უაილდ-ქარდი“ ესაჭიროება.

პეკინის ტურნირი 29 სექტემბერს დაიწყება, შანხაის „მასტერსი“ კი 6-14 ოქტობერს გაიმართება.