ნოვაკ ჯოკოვიჩი მონტე კარლოს „მასტერსს“ მერვედფინალიდან დაემშვიდობა #1TVSPORT
ნოვაკ ჯოკოვიჩი მონტე კარლოს „მასტერსს“ მერვედფინალიდან დაემშვიდობა #1TVSPORT

მონაკოს „მასტერსს“ გამოეთიშა მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი. სერბმა მერვედფინალში სენსაციურად წააგო კლასიფიკაციის 33-ე ნომერთან, ბრიტანელ დანიელ ევანსთან – 4:6, 5:7. თამაში ორი საათი და რვა წუთი გაგრძელდა.

ჯოკოვიჩმა პირველი სეტი ცუდად დაიწყო – სტარტზე ორჯერ წააგო საკუთარი მოწოდება და 0:3 ჩამორჩა. ამის შემდეგ სერბმა ქამბექზე ზრუნვა დაიწყო და შეძლო თამაშში დაბრუნება: მეოთხე გეიმში პირველი უკუბრეიკი შეასრულა, მეექვსე გეიმში ორი ბრეიკ-პოინტი ვერ გამოიყენა, მერვეში კი მეორე ბრეიკი აიღო და ანგარიში გაათანაბრა. თუმცა, ჯოკოვიჩმა ვერ შეძლო ინიციატივის შენარჩუნება – მეცხრე გეიმში მესამედ დათმო საკუთარი მოწოდება და ამის შემდეგ, ევანსმა გაჭირვებით, მაგრამ შეძლო სეტზე ჩაწოდება.

მეორე სეტის სტარტი უკეთ ჯოკოვიჩს გამოუვიდა და ბრეიკით წინ გასვლა შეძლო. სერბმა ეს უპირატესობა მეხუთე გეიმამდე შეინარჩუნა, რის შემდეგაც, ევანსმა უკუბრეიკი აუღო. ამის შემდეგ, უფრო ახლოს სეტის მოგებასთან ჯოკოვიჩი იყო – მერვე გეიმში მან ერთი დაფარული სეტბოლი ვერ გამოიყენა, მეათე გეიმში კი სეტბოლი ჰქონდა და ეს შანსიც დაკარგა, რის შემდეგაც, ევანსმა მე-11 გეიმში ბრეიკი შეასრულა და მატჩზე ჩაწოდების უფლება მიიღო. ბრიტანელმა იოლად აიღო თავისი გეიმი და მსოფლიო რეიტინგის ლიდერი ტურნირს დაემშვიდობა.

ჯოკოვიჩი საკუთარ მოწოდებაზე ცუდად გამოიყურებოდა – პირველი ბურთით 55 პროცენტი მოიგო, მეორეთი – 48 პროცენტი. მან სამი ეისი ჩააწოდა და ამდენივე ორმაგი შეცდომა დაუშვა. სერბმა 10-დან სამი ბრეიკ-პოინტი გამოყენა, ევანსმა – შვიდიდან ხუთი.