ნოვაკ ჯოკოვიჩი - მეორე სუნთქვა გამეხსნა
ნოვაკ ჯოკოვიჩი - მეორე სუნთქვა გამეხსნა

ნოვაკ ჯოკოვიჩმა ჟურნალისტებთან ვრცლად ისაუბრა იმაზე, თუ როგორ დაუბრუნდა ტოპ-ფორმას მას შემდეგ, რაც თებერვალში ოპერაცია გადაიტანა. ტრავმის გამო იგი სეზონის დასაწყისში საუკეთესოთა ოცეულშიც კი არ შედიოდა.

31 წლის სერბმა ბოლო ოთხი ტურნირიდან სამი მოიგო და ახლა რეიტინგში მესამე ჩოგანია.

„მე არ მინდა წლევანდელი სეზონის შედარება წინა წლებთან. ჩემს ცხოვრებაში ბოლო ორ სამ წელიწადში ძალიან ბევრი რამ შეიცვალა. ორჯერ გავხდი მამა, ნახევარი წელი საერთოდ არ მითამაშია, გადავიტანე ოპერაცია და კიდევ რაღაცები. თებერვალში ოპერაციის შემდეგ თუ ვინმე მეტყოდა, რომ მე მოვიგებდი ამერიკის ღია ჩემპიონატს, ცინცინატს და უიმბლდონს, მე უბრალოდ გამეცინებოდა და ვერც წარმოვიდგენდი. შინაგანად ვგრძნობდი რომ მალე დავბრუნდებოდი, მაგრამ მოვლენების ასეთ განვითარებას არ მოველოდი. მე გადავლახე ჩემი სუსტი თვისება – მოუთმენლობა, ამ პერიოდში გავხდი მომთმენი და შედეგმაც არ დააყოვნა,“ – განაცხადა მან usopen.org-თან.

სერბმა ჩოგბურთელმა იმაზეც ისაუბრა, თუ როგორ გაუმკლავდა სირთულეებს.

„ბოლო ორი თვე განუმეორებელი აღმოჩნდა ჩემთვის. როლან გაროსზე წაგების შემდეგ ძალიან გაწბილებული ვიყავი. როგორც იქნა რომში რაღაც დონეზე ავთამაშდი, მერე პარიზიც კარგად დავიწყე და უცბად ერთ თამაშში ჩამეყარა წყალში ყველაფერი. მართალია, ჩემმა მოწინააღმდეგემ ის მატჩი და ტურნირიც კარგად ჩაატარა, მაგრამ მე ჩემი თავისგან მეტს ვითხოვდი. მე რამეზე ყურადღების გადატანა და წაგების დავიწყება მჭირდებოდა. მეუღლესთან ერთად ხუთი დღით საფრანგეთის მთებში წავედით, სადაც სრულად ვიყავით იზოლირებული გარე სამყაროსგან. მას შემდეგ ჩოგბურთი ჩემთვის ცოტა ახალი რამე გახდა. შედეგებიც ამაზე მეტყველებს – მე მოვიგე უიმბლდონი, ცინცინატი და ამერიკა. ეჭვი მაქვს კიდევ წავალთ ლაშქრობაში. იყო ერთი მომენტი, რომელიც მე განსაკუთრებულად დამამახსოვრდა. მე და ჩემი მეუღლე სამ საათიანი სიარულის შემდეგ ავედით მთის წვერზე, რომელაც სენტ-ვიქტუარს უწოდებენ. ეს ყველაფერი ჩემი ცოლის იდეა იყო, ის ძალიან კარგ ფიზიკურ ფორმაშია. ჩვენ ვისხედით და იმ სიმაღლიდან ვუყურებდით მსოფლიოს. იქ თითქოს მეორე სუნთქვა გამეხსნა და ჩემთან ახალი მოტივაცია მოვიდა. ყველას გირჩევთ იმ მთაზე ასვლას.“

შეგახსენებთ, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩმა წლის შემაჯამებელ ტურნირზე თამაში გაინაღდა.

დატოვე კომენტარი