ნოვაკ ჯოკოვიჩი ცინცინატის „მასტერსს“ გამოეთიშა
ნოვაკ ჯოკოვიჩი ცინცინატის „მასტერსს“ გამოეთიშა

სერბმა ჩოგბურთელმა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა ვერ შეძლო ტიტულის დაცვა ცინცინატისმასტერსზე“. მსოფლიოს პირველი ჩოგანის სვლა შეაჩერა ახალგაზრდა რუსმა ჩოგბურთელმა დანიილ მედვედევმა, რომელმაც საათი და 43 წუთი ბრძოლის შემდეგ, სამ სეტში მოუგო რეიტინგის ლიდერს – 3:6, 6:3, 6:3.

პირველ სეტში ჯოკოვიჩმა იდეალურად ითამაშა, მხოლოდ სამი უნებლიე შეცდომა დაუშვა, მეტოქეს არც ერთი ბრეიკ-პოინტის შანსი არ მისცა და ერთი ბრეიკი იკმარა პარტიის მოსაგებად.

მედვედევს კრიტიკული მომენტი მეორე სეტის შუაში დაუდგა, როცა ჯოკოვიჩი 3:2-ს იგებდა და მეორე ბრეიკ-პოინტის შანსი მიიღო. მედვედევმა ეს საფრთხე მოიგერია და ამის შემდეგ, სერბს რუსის მოწოდების მოგების არც ერთი შანსი აღარ მიუღია. თავად მედვედევმა კი ამ კრიტიკული მომენტის შემდეგ სამი ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა და სამივე გამოიყენა – ერთი მეორე სეტში და ორი – მესამეში.

რუსმა ამ სეზონში უკვე მეორედ მოუგო ჯოკოვიჩს. პირველად ეს მონტე კარლოს „მასტერსზე“ მოხდა. მედვედევი ჩრდილოამერიკული ტურნირების სერიაში ძალიან კარგ ფორმას აჩვენებს – ის ზედიზედ ორ ფინალში იყო: ვაშინგტონსა და მონრეალში, მაგრამ ორივე წააგო, შესაბამისად, ნიკ კირგიოსთან და რაფაელ ნადალთან.

ამჯერად, მედვედევის მეტოქე ფინალში ბელგიელი დავიდ გოფენი იქნება, რომელიც კარიერაში პირველად ითამაშებს „მასტერსის“ სერიის ტურნირის გადამწყვეტ მატჩში. ბელგიელმა უპრობლემოდ დაამარცხა ფრანგი რიშარ გასკე – 6:3, 6:4.

დატოვე კომენტარი