მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა გააკრიტიკა ჩოგბურთის სამყაროში დღეს არსებული სიტუაცია. სერბი ჩოგბურთელის თქმით, სპორტის ამ სახეობაში აუცილებელია ცვლილებების შეტანა, განსაკუთრებით, მარკეტინგის მხრივ.
„დიდი სლემის“ ტურნირების 24-გზის ჩემპიონის სიტყვები მოჰყავს ესპანურ გამოცემა Sport-ს.
„რაც შეეხება ინოვაციებს ჩოგბურთში, „დიდი სლემის“ ტურნირების გარდა, უნდა მოვიფიქროთ, როგორ მოვიზიდოთ ახალგაზრდა აუდიტორია.
ერთის მხრივ, ჩოგბურთი კარგ მდგომარეობაშია. მაგრამ, ამავდროულად, შეხედეთ მაგალითად ფორმულა 1-ს, თუ რა გააკეთეს მათ მარკეტინგის, სპორტის განვითარების, მთელს მსოფლიოში რბოლების ორგანიზების მხრივ. ისინი ძალიან პოპულარულები არიან.
ვფიქრობ, უკეთ უნდა ვიმუშაოთ პროფესიულ ტურში. „დიდი სლემის“ ტურნირები ყოველთვის კარგად წარიმართება, მაგრამ მიმაჩნია, რომ აუცილებელია მთლიანად ჩვენი ტური გავაუმჯობესოთ.
ჩვენ გაგვიმართლა, რომ ისტორიული და გლობალური სპორტის სახეობის წარმომადგენლები ვართ. ერთ-ერთმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ ჩოგბურთი მესამე ან მეოთხე სახეობაა მსოფლოში პოპულარობის მხრივ. პირველია ფეხბურთ, მეორე – კალათბურთი და მერე მოდიან ჩოგბურთი და კრიკეტი. მაგრამ ჩოგბურთი მხოლოდ მეცხრე ან მეათე ადგილს იკავებს სპორტის სახეობებში კომერციალიზაციის მხრივ.
ჩვენ უნდა ვისწავლოთ ამისგან სარგებლის მონახვა. ზრდისთვის უდიდესი შესაძლებლობები გვაქვს. უნდა გავზარდოთ მოთამაშეთა რაოდენობა, რომლებიც ჩოგბურთით ირჩენენ თავს“.
ჯოკოვიჩმა ასევე ილაპარაკა „დიდი სლემის“ ტურნირებზე სამსეტიანი მატჩების ფორმატის შემოღების შესახებ. მისი აზრით, ეს საკამათო საკითხია, მაგრამ შესაძლებელია შერეული სისტემის შემოღება.
„ჩემი აზრით, „დიდი სლემის“ ტურნირებზე უნდა დარჩეს ხუთსეტიანი მატჩების ფორმატი. ერთადერთი, რისი განხილვაც შეიძლება არის ის, რომ საწყის ეტაპებზე იყოს სამსეტიანი მატჩები და დაწყებული მეოთხე რაუნდიდად ან მეოთხედფინალებიდან, გადავიდეთ ხუთსეტიან მატჩებზე. არ ვიცი. ეს მხოლოდ ჩემი აზრია“.