ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალს ტრავმის გამო ჩაეხსნა #1TVSPORT
ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალს ტრავმის გამო ჩაეხსნა #1TVSPORT

სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ავსტრალიის ღია პირველობაზე გამოსვლა დაასრულა. ალექსანდერ ზვერევის წინააღმდეგ ნახევარფინალური მატჩი მან ტრავმის გამო ვერ გააგრძელა.

ჯოკოვიჩმა პირველი სეტის მიმდინარეობისას ბარძაყის ტრავმა მიიღო, რამაც თამაშში ხელი შეუშალა. სეტი გერმანიის სახელით გამომსვლელმა ჩოგბურთელმა 7:6 მოიგო.

„კუნთების პრობლემა შემექმნა. ამავე ტრავმას ორი წლის წინ გავუმკლავდი, თუმცა ამჯერად ეს ვერ მოვახერხე. სეტის მსვლელობისას ტკივილი სულ უფრო ძლიერდებოდა. პირველი სეტი რომც მომეგო, შემდეგ კორტზე რამდენიმე საათის გატარება გამიჭირდებოდა. არ ვიცი, იქნება თუ არა ეს ჩემი ბოლო გამოსვლა ავსტრალიის ღია პირველობაზე. თუ ფორმაში ვიქნები და ჯანმრთელობაც ხელს შემიწყობს, აქ მომავალ წელსაც დავბრუნდები“, – განაცხადა ჯოკოვიჩმა.

ავსტრალიის ღია პირველობის 10-გზის ჩემპიონმა ტურნირის მეოთხედფინალში ესპანელი კარლოს ალკარასი ოთხ სეტში დაამარცხა. 37 წლის სერბმა მელბურნში გამარჯვება 2008, 2011, 2012, 2013, 2015, 2016, 2019, 2020, 2021 და 2023 წლებში მოახერხა.

ჩოგბურთში წლის პირველი დიდი სლემის ტურნირის ფინალში ალექსანდრ ზვერევის მეტოქე ბენ შელტონსა და იანიკ სინერს შორის გამარჯვებული იქნება.