ნოვაკ ჯოკოვიჩი აშშ-ის ღია პირველობის ჩემპიონი გახდა
ნოვაკ ჯოკოვიჩი აშშ-ის ღია პირველობის ჩემპიონი გახდა

ნიუ იორკში დასრულდა 2018 წლის სეზონში „დიდი სლემის“ ბოლო ტურნირი – აშშ-ის ღია პირველობა. ბოლო მატჩი კაცების ფინალი იყო, რომელშიც დიდი ბრძოლა არ შედგა. ნოვაკ ჯოკოვიჩმა სამ სეტში – 6:3, 7:6, 6:3 მოუგო ხუან მარტინ დელ პოტროს და მესამე გახდა ამერიკის ღია პირველობის ჩემპიონი.

ჯოკოვიჩი და დელ პოტრო მეცხრამეტედ ხვდებოდნენ ერთმანეთს პროფესიულ ტურში. სერბს დიდი უპირატესობა ჰქონდა – 14:4.

ფინალამდე უფრო დამაჯერებელი გზა არგენტინელმა გაიარა: ექვს მატჩში მან მხოლოდ ერთი სეტი წააგო – მეოთხედფინალში ჯონ ისნერთან, ჯოკოვიჩმა კი ორჯერ დათმო საკუთარი პარტია – ეს საწყის რაუნდებში მოხდა, რის შემდეგაც სერბი თითქმის იდეალურ ფორმაში შევიდა.

ეს კარგად გამოჩნდა ფინალურ მატჩში. საწყის გეიმებში დელ პოტრო თანაბრად ეთამაშებოდა მეტოქეს, მაგრამ ჩააგდო მერვე გეიმი საკუთარ მოწოდებაზე და ნოვაკმა სეტი 6:3 მოიგო.

მეორე პარტია არგენტინელისთვის ძალიან ცუდად დაიწყო და როცა ჯოკოვიჩმა 3:1 წაიყვანა ანგარიში, მაყურებელმა საერთოდ დაკარგა ბრძოლის ხილვის იმედი, მაგრამ დელ პოტრომ მკვეთრად მოუმატა და ზედიზედ სამი გეიმის აღებით წინ გავიდა – 4:3.

მერვე გეიმი, პრაქტიკულად გადამწყვეტი აღმოჩნდა, რადგან დელ პოტრომ სამი ბრეიკპოინტი მიიღო და შეეძლო სეტზე ჩაწოდების უფლება მოეპოვებინა, მაგრამ ჯოკოვიჩმა გადაარჩინა გეიმი, შემდეგ კი ტაიბრეიკაზე აიღო სეტი.

მესამე სეტიც მეორის ანალოგიურად დაიწყო – ჯოკოვიჩმა 3:1 წაიყვანა ანგარიში, დელ პოტრომ დაკარგული გეიმი დაიბრუნა, მაგრამ ამჯერად ტაიბრეიკამდეც ვერ მივიდა – სერბმა მერვე გეიმში შეასრულა კიდევ ერთი ბრეიკი და შემდეგ ტიტულზე უპრობლემოდ ჩააწოდა.

ჯოკოვიჩი „დიდი სლემის“ ტურნირების 14-გზის ჩემპიონი გახდა. ის ამ მაჩვენებლით გაუთანაბრდა ამერიკელ პიტ სამპრასს და ჩამორჩება მხოლოდ როჯერ ფედერერსა (20 ტიტული) და რაფაელ ნადალს (17).