ნოვაკ ჯოკოვიჩი 45-ედ გავიდა „დიდი სლემის“ მეოთხედფინალში | უიმბლდონი 2019 
ნოვაკ ჯოკოვიჩი 45-ედ გავიდა „დიდი სლემის“ მეოთხედფინალში | უიმბლდონი 2019 

იოლად გავიდა უიმბლდონის მეოთხედფინალში მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი. მას რაფაელ ნადალზე ერთი წუთით ნაკლები დრო, მაგრამ ორი გეიმით მეტის ჩატარება დასჭირდა 21 წლის ფრანგი უგო უმბერის დასამარცხებლად – 6:3, 6:2, 6:3.

სერბმა ცხრიდან ხუთი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა და ერთ ბრეიკ-პოინტამდეც არ მიუშვა მეტოქე, რომელსაც დებიუტი ჰქონდა უიმბლდონზე. ფრანგმა ძალიან ბევრი – 34 უნებლიე შეცდომა დაუშვა და მხოლოდ 20 „ვინერსი“ დააგროვა.

ჯოკოვიჩმა კარიერაში „დიდ სლემზე“ 45-ე მეოთხედფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. ამ ეტაპზე ის ბელგიელ დავიდ გოფენს შეხვდება, რომელმაც სამ საათში მოუგო ესპანელ ფერნანდო ვერდასკოს – 7:6(9), 2:6, 6:3, 6:4. პირველი სეტის ტაი-ბრეიკზე გოფენმა ხუთი სეტბოლის მოგერიება შეძლო.​

გოფენთან ურთიერთშეხვედრებში ჯოკოვიჩი წინ არის – 5:1, თუმცა, მათ ბალახზე არასოდეს უთამაშიათ.