ნორვეგიის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ, უკრაინაში ომის დასრულების შემთხვევაშიც კი, ნორვეგია მზად უნდა იყოს სავარაუდო კონფლიქტისთვის
ნორვეგიის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ, უკრაინაში ომის დასრულების შემთხვევაშიც კი, ნორვეგია მზად უნდა იყოს სავარაუდო კონფლიქტისთვის

ნორვეგიის თავდაცვის მინისტრი ბიორნ არილდ გრამი აცხადებს, რომ, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემთხვევაშიც კი, ქვეყანა მზად უნდა იყოს სავარაუდო კონფლიქტისთვის. ინფორმაციას ამის შესახებ ნორვეგიული მედია ავრცელებს.

გრამის თქმით, რუსეთში განადგურებულია დემოკრატია.

„იმ რამდენიმე რუსს, ვინც გაბედავს პროტესტს, ციხეში აგდებენ ან ომში აგზავნიან. არ არსებობს ოპოზიცია, პრესის თავისუფლება, სამოქალაქო საზოგადოება, რომელსაც უფლება არ აქვს, წარმოადგინოს ნებისმიერი კონტრძალა მზარდი ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ“, – განაცხადა ნორვეგიის თავდაცვის მინისტრმა.

მისი თქმით, სწორედ მსგავსი რუსეთი იარსებებს დიდხანს, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგაც კი საფრთხე ისევ დარჩება.

„ჩვენ მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ რუსეთმა, შესაძლოა, გადააფასოს საკუთარი გეგმები, თუ სად განათავსოს თავისი ძალები, ფინეთისა და შვედეთის ნატო-ს წევრობის საპასუხოდ“, – აღნიშნა გრამმა.

მან ასევე ისაუბრა თავდაცვის სფეროში ინვესტიციების გაზრდაზე.