ნორვეგიის პრემიერი – ნორვეგია, ბრიტანეთი და კანადა, როგორც ოკეანისპირა სახელმწიფოები ნატო-ში, განსაზღვრავენ გზას, როგორ აიღებს ევროპა პასუხისმგებლობას ევროპის ჩვენს ნაწილში უსაფრთხოებაზე

21:50, 27.09.2026

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ენდი ბერნემმა ლივერპულში ნორვეგიელ კოლეგა იონას გარ სტიორესთან ორმხრივი შეხვედრა გამართა.

ორი ქვეყნის ლიდერებმა სხვა საკითხებთან ერთად ევროპის უსაფრთხოება, დასავლეთ სანაპიროზე არსებული დასახლებები და თავდაცვის სფეროში განხორციელებული ინვესტიციები განიხილეს.

როგორც ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, დიდი ბრიტანეთი ევროპის უსაფრთხოების „გასაღებია“. ამასთან, მისივე თქმით, ორი ქვეყნის ბედი ერთმანეთთან არის დაკავშირებული.

„ჩვენს პოლიტიკურ დღის წესრიგში დგას ჩვენი დროის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები. ევროპის უსაფრთხოება – ჩვენს კონტინენტზე ომი მიმდინარეობს. ჩვენ, ვინც აქ, ჩრდილოეთში, ერთსა და იმავე გეოგრაფიულ სივრცეს ვიზიარებთ, უბრალოდ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენი ბედი ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. ასევე, საგარეო პოლიტიკა – თუ როგორ აიღებს ევროპა უფრო მეტ პასუხისმგებლობას საკუთარ უსაფრთხოებაზე. ბრიტანეთი ამის გასაღებია. ვფიქრობ, ნორვეგია, დიდი ბრიტანეთი და კანადა, როგორც ოკეანისპირა სახელმწიფოები ნატო-ში, განსაზღვრავენ იმ გზას, თუ როგორ აიღებს ევროპა პასუხისმგებლობას ევროპის ჩვენს ნაწილში უსაფრთხოებაზე მომდევნო წლებში. და ჩვენ ამის საფუძველს ახლა ვქმნით“, – განაცხადა იონას გარ სტიორემ.

თავის მხრივ, ენდი ბერნემმა განაცხადა, რომ ყურადღებას გაამახვილებენ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში არსებულ საერთო გამოწვევებზე.

„ჩვენ ვთანამშრომლობთ თავდაცვის სფეროში ინვესტიციების მიმართულებით. ეს ძალიან სასარგებლოა როგორც ჩვენი უსაფრთხოების საჭიროებებისთვის, ასევე ნორვეგიისა და აქ, გაერთიანებულ სამეფოში, არსებული ინდუსტრიისთვის“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერმა.

მსგავსი