ნორვეგიის ნაკრების მწვრთნელი - ედეგორი და ჰალანდი ნაკრებში ისე ადვილად ვერ ითამაშებენ, როგორც კლუბებში #1TVSPORT
ნორვეგიის ნაკრების მწვრთნელი - ედეგორი და ჰალანდი ნაკრებში ისე ადვილად ვერ ითამაშებენ, როგორც კლუბებში #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების მეტოქის, ნორვეგიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი სტოლე სოლბაკენი ​მედიის წარმომადგენლებს შეხვდა და ​ევრო 2024-ის შესარჩევი ციკლის მოახლოებულ მატჩებზე (ესპანეთთან და საქართველოსთან), გუნდის ლიდერების მზადყოფნასა და საკადრო პრობლემებზე ისაუბრა. სოლბაკენმა მთავარ მიზნად ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა დაასახელა, სადაც ნორვეგიის ნაკრებს 24 წელია არ უთამაშია.

ნორვეგიისთვის მნიშვნელოვანია, რომ „არსენალის“ კაპიტანი მარტინ ედეგორი და „მანჩესტერ სიტის“ საუკეთესო ბომბარდირი ერლინგ ჰალანდი მაქსიმალურად გამოიყენოს, მაგრამ ეროვნული ნაკრების მწვრთნელი ამბობს, რომ წარმატებისთვის მთავარია, ნაკრებმა გუნდურად ითამაშოს.

ედეგორი და ჰალანდი მსოფლიო ფეხბურთში გამორჩეული ფიგურები არიან. მსგავსი მოთამაშეები აქამდე ბევრი არ გვყოლია. ვფიქრობ, თუ გუნდურად ვითამაშებთ, მაშინ მათ თავის გამოჩენა კიდევ უფრო გაუადვილდებათ.

ედეგორმა ერთა ლიგის მატჩებში ყველაზე მეტი საგოლე მომენტი შექმნა, ჰალანდმა კი ყველაზე მეტი გაიტანა, მაგრამ გულუბრყვილობა იქნება, ვიფიქროთ, რომ ისინი ისევე ადვილად ითამაშებენ ნაკრებში, როგორც ამას კლუბებში აკეთებენ.

სამწუხაროა, რომ მცველი კრისტოფერ აიერი ვერ დაგვეხმარება, რომელმაც „ბრენტფორდის“ ბოლო თამაშები გამოტოვა. აიერს ტერფის ტრავმა აწუხებს და მას მოედანზე დასაბრუნებლად, სავარაუდოდ, რამდენიმე კვირა დასჭირდება. ასევე, დასანანია, რომ დაცვის ისეთ მნიშვნელოვან ფიგურას, როგორიც ლეო ესტიგორია, „ნაპოლიში“, ფაქტობრივად, სათამაშო დროს არ აძლევენ. მიუხედავად ამისა, ვერ ვიტყვი, რომ დაცვაში კრიზისია. შეიძლება გვისაყვედურონ, რომ 90 წუთი გაძლება გვიჭირს, თორემ პირველ ტაიმში გოლს თითქმის არ ვუშვებთ“, – ამბობს სოლბაკენი.

ევრო 2024-ის შესარჩევი ციკლის პირველ მატჩს ნორვეგია 25 მარტს ესპანეთთან გამართავს, 28 მარტს კი ბათუმში საქართველოს ესტუმრება.

შეგახსენებთ, შესარჩევი ჯგუფიდან ევროპის ჩემპიონატზე ორი საუკეთესო ნაკრები ითამაშებს.