ნონიკაშვილმა უკრაინაში ყოფილი „დინამოელი“ გადაარჩინა - მიჭერდა კბილებს, ხელს ვეღარ ვგრძნობდი, გადარჩა ღმერთის წყალობით #1TVSPORT
უკრაინის ჩემპიონატში, „ოლექსანდრიისა“ და „ჩერკასის“ მატჩის დროს სტუმართა ქართველი ნახევარმცველი შოთა ნონიკაშვილი უმძიმესი ეპიზოდის ერთ-ერთი მონაწილე გახდა.
შეხვედრის დროს, სტუმართა მცველი ოლექსანდრე კაპლიენკო (2019 წელს „დინამო თბილისში“ თამაშობდა) ჯერ მოედანზე დაეცა, შემდეგ კი გონება დაკარგა, მაგრამ თანაგუნდელს პირველად ნონიკაშვილი დაეხმარა, მერე მოედანზე ექიმებიც შევიდნენ, ფეხბურთელი გონზე მოვიდა და წამოდგა.
შოთა ნონიკაშვილმა მომხდარი ქართულ ფეისბუქგვერდ „22 მოთამაშე“-სთან გაიხსენა.
„კაპლიენკო უცებ მინდორზე დაწვა. მესმის ყვირილი, კაპლიენკო კი კანკალებს. ენა თითქმის გადაყლაპული ჰქონდა და დავუჭირე. ორი თითით მეჭირა, უკვე გაძლებაზე ვიყავი, რადგან თან რაც ძალი და ღონე ჰქონდა, მიჭერდა კბილებს. ბოლო ხმაზე ვღრიალებდი. ჩემს ხელს ვეღარ ვგრძნობდი. გული ისე მქონდა, არ ვიცი… გადარჩა ღმერთის წყალობით“, – ამბობს შოთა ნონიკაშვილი.
„გონება დავკარგე და მეტი არაფერი მახსოვს. ახლა თავს კარგად ვგრძნობ, მადლობას ვუხდი ყველას მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა კაპლიენკომ.
წლების წინ მსგავსი ეპიზოდის გმირი გახდა საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა, რომელმაც კიევის „დინამოს“ მოთამაშე ოლეგ გუსევი გადაარჩინა. ასეთივე ამბავი შეემთხვა საქართველოს ნაკრების თამაშისას ჯანო ანანიძეს, ასევე ავსტრიაში ლუკა ლოჩოშვილს, რომელიც შემდეგ საგანგებო პრიზით დააჯილდოვეს.