ნონა გაფრინდაშვილის ემოციური მიმართვა ფეხბურთელებს - თქვენ ჩვენი ქვეყნის ღირსეული წარმომადგენლები ხართ და თქვენი წარმატებების მჯერა (ვიდეო)
ნონა გაფრინდაშვილის ემოციური მიმართვა ფეხბურთელებს - თქვენ ჩვენი ქვეყნის ღირსეული წარმომადგენლები ხართ და თქვენი წარმატებების მჯერა (ვიდეო)

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ ლეგენდარულმა მოჭადრაკემ, ნონა გაფრინდაშვილმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან ისტორიული მატჩის წინ ჩვენი ეროვნული გუნდის ფეხბურთელებს ემოციურად მიმართა:

„სიამოვნებით მოგესალმებით ყველას. თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის ღირსეული წარმომადგენლები და მიაღწიეთ იმ დონეს, რომ დღეს მთელი საქართველო ამ თამაშს გულანთებული ელოდება. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ყველაფერს დადებთ, რომ გაიმარჯვოთ. თუმცა, ეს სპორტია, მოედანზე გასვლამდე კი ნერვებს ვერ მოთოკავთ, მაგრამ შემდეგ უნდა დამშვიდდეთ და დადოთ მთელი სული და გული – დარწმუნებული ვარ, ამას შეძლებთ. ჩვენი ქვეყანა ამ ამბავს დიდი ხანი ელოდა. წარმატებებს გისურვებთ“, – ამბობს ნონა გაფრინდაშვილი.

ლეგენდარულმა მოჭადრაკემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ იმ ფეხბურთელებზეც ისაუბრა, რომლებიც დღეს სხვადასხვა მიზეზით ვერ ითამაშებენ:

„მინდა, მივმართო იმ ახალგაზრდებსაც, რომლებმაც დიდი როლი შეასრულეს, რომ გუნდი ამ შეხვედრას ატარებს. მათ უნდა იცოდნენ, რომ ისინი დღესაც ამ გუნდის ნაწილი არიან და მინდა, რომ ჩქარა დაუბრუნდნენ გამარჯვებულ გუნდს“.

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის საფეხბურთო ნაკრებების შეხვედრა „დინამო-არენაზე“ დღეს, 12 ნოემბერს გაიმართება. ეროვნული გუნდის ისტორიული მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი 21:00 საათიდან შემოგთავაზებთ.