ნონა გაფრინდაშვილი - მესისგან მაისური რომ მივიღე, ამაში კუმანიც იყო ჩარეული #1TVSPORT
ნონა გაფრინდაშვილი - მესისგან მაისური რომ მივიღე, ამაში კუმანიც იყო ჩარეული #1TVSPORT

საქართველოს პირველ არხთან მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონმა ჭადრაკში, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველმა პრეზიდენტმა, ნონა გაფრინდაშვილმა უცნობი დეტალები გაიხსენა, თუ ვისი იდეა იყო მისთვის ლიონელ მესის მაისურის გადაცემა.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონასა“ და არგენტინის ნაკრების ვარსკვლავმა ჭადრაკის ქართველ ლეგენდას, ნონა გაფრინდაშვილის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით „ბარსელონას“ მაისურა გამოუგზავნა.

საპასუხოდ საჩუქრის შერჩევაში ლეგენდარულ მოჭადრაკეს კომპანია „ზარაფხანა“ დაეხმარა, სადაც საგანგებოდ ლიონელ მესისთვის, მოოქროვილი ფიგურებით სამეფო ჭადრაკი დაამზადეს და „კოპა ამერიკაზე“ გამარჯვება მიულოცეს.

როდის გადასცემს ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე ქალი ლეგენდარულ ფეხბურთელს საჩუქარს? ჯერ ნონა გაფრინდაშვილმა ეს ზუსტად არ იცის.

„საჩუქარს ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის, ფიდე-ს დახმარებით გავაკეთებ, რადგან ისინი მთელ მსოფლიოში დადიან. მაგრამ როდის გადავცემ, ამას ჯერ ვერ გეტყვით. მაისური რომ მივიღე, ესეც ფიდე-ს დამსახურებაა. ჯერ ვითარება „ბარსელონას“ აუხსნეს, რომ ამ გუნდისა და ლიონელ მესის გულშემატკივარი ვიყავი. ეს პირველად გუნდის მწვრთნელს, რონალდ კუმანს უთხრეს, მან კი ეს ვითარება აუხსნა მესის, რომელმაც მაისური გამომიგზავნა, რაც ნორმალურია“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან ნონა გაფრინდაშვილმა.

ჭადრაკში მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი არგენტინელ ვარსკვლავს სამაგალითო სპორტსმენად მიიჩნევს.

„ჩვენ პირადი კონტაქტი არ გვქონია. მაგრამ ის უდიდესი ფეხბურთელია, პიროვნული თვისებებითაც მომწონს. ამიტომ არის მნიშვნელოვანი „ზარაფხანას“ დამზადებული საჩუქარი, რომ მე მას „კოპა ამერიკაზე“ გამარჯვებას საქართველოს სახელით ვულოცავ. იმედია, მალე მსოფლიო ჩემპიონობასაც მივულოცავ“.

დატოვე კომენტარი