ნონა გაფრინდაშვილი - ღმერთმა ქნას, ტალახაძის მსგავსი სპორტსმენები ყოველთვის გვყავდეს #1TVSPORT
ნონა გაფრინდაშვილი - ღმერთმა ქნას, ტალახაძის მსგავსი სპორტსმენები ყოველთვის გვყავდეს #1TVSPORT

პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტმა“ სეზონი შეაჯამა და ტრადიციულად, სპორტის სამყაროში გამორჩეულები დააჯილდოვა. ტრადიციულ დაჯილდოებამდე სპორტის ლეგენდების ჯილდოები გადაეცათ ნონა გაფრინდაშვილს, ვლადიმერ გუცაევსა და ლაშა ტალახაძეს. „ტაიმაუტის“ წამყვანმა, გიორგი თვალაბეიშვილმა გაამხილა სურვილი, რომ დაარსდეს გადაცემის „დიდების დარბაზი“, სადაც ცნობილი სპორტსმენები მოხვდებიან.

„თამაში ჩემთვის დასვენებაა და დადებით ემოციას ვიღებ. ჩემთვის ძალიან საინტერესოა, სადამდე შევძლებ თამაშს. მომავალ წელს მსოფლიო ჩემპიონატზეც წავალ და ევროპაზეც“, – განაცხადა ნონა გაფრინდაშვილმა, რომელიც წელს ვეტერან მოჭადრაკეთა შორის მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

„ტელეწამყვანობა ფეხბურთელობასავით რთულია – ამაში დავრწმუნდი. მადლობა იმ ადამიანებს, რომლებიც თბილად დამხვდნენ. ძალიან მიხარია ტელევიზიაში მოსვლა და გულშემატკივართან საუბარი. ჩემთვის დიდი სიამოვნებაა ფეხბურთზე ლაპარაკი და ჩემი მოსაზრებების პირდაპირ ეთერში გაჟღერება“, – ეს ლეგენდარული ფეხბურთელის, „საფეხბურთო ტაიმაუტის“ ექსპერტის, ვლადიმერ გუცაევის სიტყვებია.

„წელს ბევრი ტრავმა მქონდა, ახალი გამოწვევების წინაშე დავდექი და ვფიქრობ, ყველაფერს კარგად გავართვი თავი. ფაქტობრივად, მორჩენილი ტრავმა გამირთულდა, სხვა პრობლემაც მქონდა, მაგრამ არა უშავეს, შევეცდები, აღვიდგინო ძველი ფორმა“, – განაცხადა ლაშა ტალახაძემ, რომელიც წელს ევროპის და მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

ლაშას გამოსვლას ნონა გაფრინდაშვილის რეპლიკა მოჰყვა: „ღმერთმა ქნას, თაობებში ყოველთვის გვყავდეს ლაშა ტალახაძის მსგავსი სპორტსმენები. სხვათა შორის, „ტაიმაუტს“ ყოველთვის ვუყურებ, ვიგებ სპორტულ ინფორმაციას. როცა შინ არ ვარ, მისვლისას გადაცემას ვახვევ და ვუყურებ – ძალიან კარგი გადაცემაა“.