ნოდარ ქავთარაძე - ერთი ტიტული „საბურთალოსთან“ ერთად მინდა მოვიგო #1TVSPORT
ნოდარ ქავთარაძე - ერთი ტიტული „საბურთალოსთან“ ერთად მინდა მოვიგო #1TVSPORT

საქართველოს თასის მოქმედი გამარჯვებული „საბურთალო“ წლეულს რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელით გაძლიერდა. ერთ-ერთი მათგანი ნოდარ ქავთარაძეა, რომელიც „დინამო თბილისიდან” გადმოვიდა. 29 წლის ფეხბურთელმა ახალ გუნდში პირველ შთაბეჭდილებებზე ისაუბრა.

„გუნდში ძალიან თბილად დამხვდნენ. მიხარია, რომ კარგ გარემოში მოვხვდი. ვიცი „საბურთალოს” სათამაშო სტილი, ფეხბურთისადმი მიდგომა. სამწვრთნელო შტაბისგან ყურადღებასა და გვერდში დგომას ვგრძნობ. რამდენიმე კვირაში სუპერთასის მატჩი გვიწევს, იმედია 20 თებერვალს სრულ მზადყოფნაში შევხვდებით და სეზონს კარგი განწყობით დავიწყებთ. შეთავაზებები სხვა კლუბებისგანაც მქონდა, მაგრამ არჩევანი „საბურთალოზე” შევაჩერე, რადგან ამბიციური, მაღალი მიზნებისთვის მებრძოლი, პროგრესირებადი და წარმატებული კლუბია, აქვს თავისი სათამაშო სტილი და ფეხბურთისადმი მიდგომა და ოთხი წელია, სეზონს ტიტულის გარეშე არ ასრულებს“, – ამბობს ნოდარ ქავთარაძე.

„საბურთალოს“ ახალწვეულმა გუნდის საჩემპიონო შანსებზე ისაუბრა.

„წლეულს ქუთაისის „ტორპედო“ საკმაოდ გაძლიერდა – სიმპატიური და საინტერესო გუნდი იქნება. ორივე „დინამოსთან“ ერთად, მაღალი მიზნებისთვის ჩვენც ვიბრძოლებთ. ამის შესაძლებლობა გვაქვს და ვფიქრობ გამოგვივა, რადგან გუნდის ძირითადი ბირთვი შენარჩუნებულია და ეს უკვე კარგია. კლუბმა საინტერესო ტრანსფერები განახორციელა და მოწინავე კლუბებიდან გამოცდილი ფეხბურთელები დაიმატა. დიდი გამოწვევები გვაქვს და ყველა ფრონტზე, მხოლოდ მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლებთ. იმის გარდა, რომ შიდა ასპარეზზე მაღალ მიზნებს უნდა მივაღწიოთ, ზაფხულში ევროტურნირებზეც ვთამაშობთ. კონფერენს ლიგის გათამაშების ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა შეგვიძლია“.

„საბურთალო” და ბათუმის „დინამო” სეზონს სუპერთასის მატჩით გახსნიან. ნოდარ ქავთარაძემ ამ მატჩთან დაკავშირებულ მოლოდინზეც ილაპარაკა.

„2019 წელს ქუთაისის „ტორპედოსთან” ერთად სუპერთასი მოვიპოვე. ახლა კიდევ ერთი ტიტული უკვე „საბურთალოსთან“ ერთად მინდა მოვიგო. სხვა შედეგი არ განიხილება, მხოლოდ გამარჯვება. სეზონი კარგი განწყობით უნდა დავიწყოთ, ეს ფაქტორი უფრო თავდაჯერებულობას შეგვმატებს“.