ნოდარ იაშვილი - „საბურთალო“ ამბიციური კლუბია და ჩემპიონობისთვის ბრძოლა შეუძლია #1TVSPORT
ნოდარ იაშვილი - „საბურთალო“ ამბიციური კლუბია და ჩემპიონობისთვის ბრძოლა შეუძლია #1TVSPORT

ნოდარ იაშვილმა, რომელიც წლეულს „საბურთალოში“ „დინამო თბილისდან“ გადავიდა, ახალი სეზონისთვის მზადებაზე ისაუბრა.

ნოდარ იაშვილი ამ გუნდის ღირსებას 2014-2018 წლებშიც იცავდა. 28 წლის მცველი „საბურთალოში“ ჯერ პირველი ლიგის, 2018 წელს კი ეროვნული ლიგის გამარჯვებული გახდა.

„ფეხბურთელად „საბურთალოში“ ჩამოვყალიბდი, გუნდთან ბევრი კარგი მოგონება მაკავშირებს. გუნდთან ერთად ხუთი წელი გავატარე. ამ ხნის განმავლობაში ბევრი გამარჯვება და სიხარული მახსოვს. ვიცოდი სადაც მოვდიოდი – კარგი გარემო დამხვდა, შეკრული გუნდი, კვალიფიცირებული ფეხბურთლები. სიმართლე გითხრათ, შეთავაზებაზე ბევრი არ მიფიქრია, რადგან ნაცნობ გარემოში ვბრუნდებოდი. „საბურთალო“ ამბიციური გუნდია ყოველთვის და მაღალი მიზნებისთვის იბრძვის. ასეთ გუნდში თამაში კი ყოველთვის სასიამოვნოა. ყველაფერი შედეგებიდან ჩანს – „საბურთალო“ სეზონს ტიტულის გარეშე არ ასრულებს, რაც პატარა ამბავი ნამდვილად არაა. რა თქმა უნდა, იყო მთავარი მწვრთნელის ფაქტორიც – ლევან კორღალიძე ახალგაზრდა და პროგრესირებადი მწვრთნელია. ჩვენი ხედვები ემთხვევა ერთმანეთს“, – ამბობს ნოდარ იაშვილი.

გამოცდილმა მცველმა ახალ სეზონში „საბურთალოსთან” დაკავშირებულ მოლოდინბზე ისაუბრა:

„გადამეტებული ნათქვამი ნამდვილად არაა – „საბურთალო“ ყოველთვის სამეულისთვის იბრძვის, მაგრამ ჩემპიონობისთვის ბრძოლაც შეგვიძლია, გუნდში ძლიერი ფეხბურთელები არიან. აქვს თავისი აკადემია, რომლიდანაც შევსებას სისტემატურად იღებს“.

იაშვილი ელოდება სუპერთასის მატჩს, რომელიც 20 თებერვალს ქუთაისში გაიმართება – საქართველოს თასის მფლობელი „საბურთალო“ ბათუმის „დინამოს“ შეხვდება:

„მეტოქე ძლიერი გუნდია და პატივს ვცემ, თუმცა მჯერა რომ მოვიგებთ და სეზონს ტიტულით დავიწყებთ. გუნდში ძალიან დიდი კონკურენციაა, ძირითადში ადგილი არავის აქვს გარანტირებული. ვარჯიშები მაღალ დონეზე მიმდინარეობს, საინტერესო საწვრთნელი პროცესი გვაქვს. ეს ყველაფერი მაძლევს იმის საფუძველს, რომ ასეთი მოლოდინი მქონდეს. ფსიქოლოგიურად, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება წარმატებული სტარტი“.