ნოდარ ახალკაცს ფიფამ ევროპული ასოციაციები ჩააბარა
ნოდარ ახალკაცს ფიფამ ევროპული ასოციაციები ჩააბარა

„საამაყოა ის წარმატება, რომელსაც ჩვენმა თანამემამულემ მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანოში მიაღწია. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ულოცავს ნოდარ ახალკაცს წინსვლას და წარმატებას უსურვებს მომავალ საქმიანობაში“, – ასე გამოეხმაურა ფეხბურთის ფედერაცია ფიფას გადაწყვეტილებას, რომელმაც ნოდარ ახალკაცი ფიფას წევრი ევროპის ასოციაციების ხელმძღვანელის პოზიციაზე დანიშნა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი, უმცროსი ნოდარ ახალკაცი მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანოში 2017 წლიდან სხვადასხვა წამყვან პოზიციებს იკავებდა, ამჯერად კი მთელი კონტინენტის საქმეები ჩააბარეს. არასოდეს, არცერთ ქართველ საფეხბურთო პირს მსგავსი დონის თანამდებობა არ ჰქონია.

თბილისის „დინამოს“ ლეგენდარული მწვრთნელის და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველი პრეზიდენტის, ნოდარ ახალკაცის ვაჟი, უმცროსი ნოდარ ახალკაცი (დაიბადა 1976 წლის 14 იანვარს) პროფესიით იურისტია. იურიდიული განათლება მიიღო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გერმანიის ქალაქების, რეგენსბურგისა და ჰაიდელბერგის უნივერსიტეტებში. მუშაობდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საერთაშორისო განყოფილების გამგის მოადგილედ, ფედერაციის წარმომადგენლად ევროპის ქვეყნებში, თბილისის საფეხბურთო კლუბ „ამერის“ მენეჯერად. (2005 წლის 11 ივნისიდან 2009 წლის17 სექტემბრამდე კი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი იყო.

2017 წლის მაისში ნოდარ ახალკაცი ფიფაში მაღალ თანამდებობაზე დაინიშნა – ის ორგანიზაციის წევრი ასოციაციების მმართველობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი (Head of Member Associations Governance Services) გახდა.

ნოდარ ახალკაცი მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე ბევრი მნიშვნელოვანი მატჩის დირექტორი იყო. 2017 წელს, კონფედერაციათა თასის საორგანიზაციო ჯგუფს, ხოლო 2018 წელს რუსეთში – მსოფლიო ჩემპიონატის საორგანიზაციო ჯგუფს ხელმძღვანელობდა.