ნოდარ ახალკაცი - ფიფა წევრი ქვეყნების დახმარებაზე ფიქრობს
ნოდარ ახალკაცი - ფიფა წევრი ქვეყნების დახმარებაზე ფიქრობს

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ ფიფას წევრი ევროპის ასოციაციების ხელმძღვანელმა ნოდარ ახალკაცმა (უმცროსმა) პანდემიის გამო საფეხბურთო სამყაროში გამოწვეულ პრობლემებზე და ფიფას მიერ ეროვნული ფედერაციების დახმარების გეგმებზე ილაპარაკა.

უპირველესად კითხვა გერმანიის ბუნდესლიგაში სეზონის განახლებას შეეხებოდა – ამ დროს ფიფა რეკომენდაციებს იძლევა, რა ფორმით უნდა განახლდეს თამაშები, თუ მთლიანი პასუხისმგებლობა გერმანელებმა აიღეს?

„ამ შემთხვევაში, რეკომენდაციები არ ყოფილა, რადგან ეს არის თითოეული ქვეყნის სამთავრობო სტრუქტურების პრეროგატივა – გამომდინარე იქიდან, ქვეყანაში რა მდგომარეობაა. ყველა ქვეყანაში კორონავირუსი სხვადასხვა ეტაპზეა. ავსტრიაში კარანტინიდან გამოსვლა უფრო ადრე დაიწყეს. შემდეგ იყო გერმანია, ხოლო საფრანგეთში, ბელგიასა და ნიდერლანდებში გადაწყვიტეს, რომ სეზონი აღარ განაახლონ. ჯანდაცვისა და უსაფრთხოების მექანიზმებთან დაკავშირებით გერმანიაში გადაწყვეტილება უშუალოდ ამ ქვეყნის საფეხბურთო კავშირისა და ბუნდესლიგის ადმინისტრაციამ მიიღო, რაც ადგილობრივ მთავრობასთანაა შეთანხმებული. ფიფას ან სხვა ორგანიზაციის მხრიდან რეკომენდაციები ვერც სეზონის განახლებაზე იქნება. ამაზე გადაწყვეტილებას უშუალოდ ქვეყნების შესაბამისი ფედერაცია ჯანდაცვისა და სამთავრობო სტრუქტურების ნებართვით იღებენ, რადგან ზომების შემსუბუქებაზე გადაწყვეტილება მათ კომპეტენციაშია – გერმანიაშიც და სხვა ქვეყნებშიც. აკვირდებიან, ამ ზომებმა რა შედეგები გამოიღო. ასე რომ აქ ცენტრალიზებული რეკომენდაცია ვერ იმუშავებს,“ – განაცხადა ნოდარ ახალკაცმა.

მან ფიფაში ახლახანს დაფუძნებულ COVID 19-ის გამო შემქნილი ჯგუფის საქმიანობაზეც ილაპარაკა და განაცხადა, რომ ქვეყნებს ჩემპიონატების განახლებაზე რეკომენდაციებს არ აძლევს –

„რაც შეეხება ფიფაში COVID 19-ის ჯგუფის მუშაობას – პანდემიამ საფეხბურთო ინდუსტრიას რომ უდიდესი ზარალი მიაყენა, ეს ცხადზე ცხადია. მე ჩართული ვარ სამუშაო ჯგუფში, რომელიც სხვადასხვა კონფედერაციებთან კონსულტაციებს მართავს. ფიფას წევრ ყველა, 211-ივე ქვეყანას დავუკავშირდით და გავუგზავნეთ როგორც ფინანსური, ასევე სხვა სახის კითხვარები. მივიღეთ ეს ინფორმაციები და მათ ვაანალიზებთ. ფიფას მიზანია, რომ მსოფლიო საფეხბურთო ოჯახს მდგომარეობის შემსუბუქებაში დაეხმაროს, მათ შორის, ფინანსურადაც. რა თქმა უნდა, აქ ზარალის სრულად ანაზღაურებაზე ლაპარაკი არაა, რადგან ევროპის წამყვან ლიგებს რომ გადახედოთ, ძალიან დიდი სარეკლამო და სატელევიზიო უფლებებზეა ლაპარაკი და უდიდესი დანაკარგებია,. ამ თანხებს ვერც ერთი ორგანიზაცია ვერ გაწვდება. თუმცა, ფიფას ამოცანა ვითარების გარკვეულწილად შემსუბუქებაა და მუშაობა სწორედ ამ მიმართულებით მიდის. დახმარების კონკრეტულ ზომებზე უახლოეს პერიოდში უნდა მომზადდეს სრულყოფილი დოკუმენტი, რომელსაც ფიფას აღმასკომი დამტკიცებს“.

ნოდარ ახალკაცმა პანდემიის გამო გადადებულ და გაუქმებულ ტურნირებსა და შეცვლილ სანაკრებო კალენდარზეც ილაპარაკა –

„ფიფამ წელს გასამართი ქალთა, 17 და 20-წლამდელების, ასევე ფუტსალის მსოფლიო ჩემპიონატები 2021 წელს გადაიტანა. შესარჩევი ციკლი ყველაზე კონტინტენტზე სხვადასხვა სტადიაშია. მაგალითად, ევროპაში, ერთა ლიგის ნახევარფინალების საკითხი ჯერაც გაურკვეველია. უეფა სხვადასხვა სცენარს ამუშავებს. უეფას ცენტრალიზებული სატელევიზიო უფლებები აქვს. ამიტომ ამ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული თანხები სრულად უნდა იყოს გამომუშავებული. თუმცა, ჯერ რომელიმე კონკრეტულ თარიღზე ლაპარაკი ძალიან ძნელია“.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი (2005-2009) მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანოში 2017 წლიდან სხვადასხვა წამყვან პოზიციებს იკავებდა, მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანოში დააფასეს და ფიფას წევრი ევროპის ასოციაციების ხელმძღვანელის პოზიციაზე მაისში დანიშნეს.