„ნიუკასლის“ ფანების გვერდი - კლუბს ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე ფიქრი არ შეუწყვეტია #1TVSPORT
„ნიუკასლის“ ფანების გვერდი - კლუბს ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე ფიქრი არ შეუწყვეტია #1TVSPORT

„ნიუკასლის“ მთავარმა მწვრთნელმა, ედი ჰაუმ ხვიჩა კვარაცხელიას დამატების სურვილი უარყო, მაგრამ კლუბის ფანების გვერდი Coming Home Newcastle ამტკიცებს, რომ სინამდვილეში კლუბს ქართველის ტრანსფერზე ფიქრი არ შეუწყვეტია.

„მიუხედავად იმისა, რომ ედი ჰაუმ ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერი არ დაადასტურა, „ნიუკასლი“ კვლავ ფიქრობს ფეხბურთელის შეძენას. „გეითსჰედთან“ მატჩის შემდეგ ჰაუმ პრემიერლიგაში სატრასნფერო წესების გამკაცრებასთან დაკავშირებით იმედგაცრუება ღიად გამოხატა. მისი აზრით, ახალი წესები სატრანსფერო ფანჯრის დროს პრობლემებს ქმნის.

Daily Mail-ის მიერ გამოქვეყნებულ ინტერვიუში ჰაუმ კვარაცხელიას შესახებ განაცხადა, რომ ამ ინფორმაციის დადასტურება არ შეუძლია, თუმცა იმ შეჯიბრებების გათვალისწინებით, რომლებშიც გუნდი მონაწილეობს და კვირაში სამი თამაშის გამართვა უწევს, შემადგენლობის როტაცია აუცილებელია.

ჰაუ განიცდის, რომ კლუბს პრობლემები ექმნება. მისი მოსაზრება აძლიერებს შეხედულებას, რომ „ნიუკასლს“ სასურველ მოთამაშეებში დიდი თანხის გადახდა არ შეუძლია. ამასთანავე, ამ განცხადებით მწვრთნელმა მინიშნება გააკეთა, რომ კლუბი უეფა-ს მიერ დაწესებული ფინანსური ფეარ პლეის წესებს არ არღვევს.

ამდენად, გასაკვირი არ არის, რომ ბევრმა მედიასაშუალებამ კვლავ გაავრცელა ინფორმაცია „ნიუკასლის“ მხრიდან ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ დაინტერესებაზე. ESPN-მა იტალიელებისთვის ტრანსფერის სანაცვლოდ შეთავაზებული თანხაც დაასახელა – 100 მილიონი ევრო.

2027 წლამდე გაფორმებული კონტრაქტით, კვარაცხელია კვირაში 30 000 ევროს (წელიწადში 1,5 მილიონი) იღებს და კლუბში ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადი მოთამაშეა. ამ თანხით ის „ნიუკასლის“ სახელფასო სიის ბოლოსკენ იქნებოდა, რადგან ინგლისურ კლუბში ყველაზე დაბალი ხელფასი კვირაში 30 ათასი ფუნტი სტერლინგია.

„ნაპოლიმ“ კვარაცხელიას გაუმჯობესებული ხელშეკრულება შესთავაზა. ამის მიუხედავად, არსებობს იმედი, რომ „ნიუკასლის“ მცდელობა უშედეგო არ იქნება. „ნაპოლიმ“ ქართველი დაახლოებით 100 მილიონ ევროდ რომ გაყიდოს, ერთ წელიწადში დაახლოებით 90 მილიონი ევროს წმინდა მოგებას ნახავს. არც ის არის გამორიცხული, ახალი კონტრაქტის პირობებმა კვარაცხელია და მისი აგენტი არ დააკმაყოფილოს“, – წერს Coming Home Newcastle.