„ნიუკასლი“ „პარი სენ-ჟერმენთან“ რანდალ კოლო მუანის ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკებას იწყებს #1TVSPORT
„ნიუკასლ იუნაიტედმა“ ოფიციალურად დაიწყო მოლაპარაკებები 26 წლის ფრანგი თავდამსხმელის, რანდალ კოლო მუანის ტრანსფერის თაობაზე, – ინფორმაციას ავტორიტეტული ჟურნალისტი ფლორიან პლეტენბერგი ავრცელებს.
როგორც პლეტენბერგი წერს, კოლო მუანი „ნიუკასლის“ სატრანსფერო სიის სათავეში მოხვდა მას შემდეგ, რაც კლუბმა ბენჟამინ შეშკოს ტრანსფერთან დაკავშირებით „ლაიფციგთან“ შეთანხმებას ვერ მიაღწია.
ფრანგ ფეხბურთელს „პარი სენ-ჟერმენთან“ მოქმედი კონტრაქტი 2028 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. ის ფრანგულმა გრანდმა 2023 წელს „აინტრახტიდან“ 95 მილიონ ევროდ შეიძინა, ხოლო გასული სეზონის ნახევარი იჯარის წესით ტურინის „იუვენტუსში“ გაატარა.
უშუალოდ „პარი სენ-ჟერმენის“ მაისურით კოლო მუანიმ 54 შეხვედრაში 11 გოლი გაიტანა.