„ნიუკასლი“ ხვიჩა კვარაცხელიასთვის 90 მილიონს იხდის, „ნაპოლის“ ქართველის გაშვება არ სურს #1TVSPORT
„ნიუკასლი“ ხვიჩა კვარაცხელიასთვის 90 მილიონს იხდის, „ნაპოლის“ ქართველის გაშვება არ სურს #1TVSPORT

„ნიუკასლს” „ნაპოლის“ ქართველი თავდამსხმელის, ხვიჩა კვარაცხელიას გადაბირება სურს და ამ მიზნით კლუბის პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს 90 მილიონ ევროს სთავაზობს, – ინფორმაციას გამოცემა Il Mattino ავრცელებს.

მას შემდეგ, რაც ინგლისური კლუბი საუდის არაბეთის საინვესტიციო ფონდმა, PIF-მა შეიძინა, რამდენიმე მნიშვნელოვანი ტრანსფერი განხორციელდა. გამოცემის ცნობით, სანდრო ტონალის დამატების შემდეგ „ნიუკასლს“ ხვიჩა კვარაცხელიაც სურს.

ინგლისელები მზად იყვნენ, ფეხბურთელის სანაცვლოდ 90 მილიონი ევრო გადაეხადათ „ნაპოლისთვის“, მაგრამ კლუბის პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს ეს თანხა საკმარისად არ მიაჩნია. მას ამჟამად აქვს ორი გეგმა – დაასრულოს მოლაპარაკება და გაახანგრძლივოს კონტრაქტი კვარაცხელიასთან ან გაყიდოს ის სარეკორდო ფასად.

იტალიური გამოცემა ხვიჩა კვარაცხელიას საფეხბურთო თვისებებზეც უამბობს მკითხველს. Il Mattino წერს, რომ ქართველს მარცხენა ფლანგიდან შეტევაში სერიოზული საფრთხის შექმნა შეუძლია, კარგად თამაშობს ორივე ფეხით, თუმცა ხშირად მარჯვენა ფეხის გამოყენებას ამჯობინებს. ელეგანტურია სირბილის დროს და ბურთს შესანიშნავად ფლობს. მას შეუძლია საგოლე მომენტების შექმნა თანაგუნდელებისთვის.

აღსანიშნავია, რომ „ნიუკასლი“ არის იმ ფონდის საკუთრებაში, რომლის აქტივებიც 4️3️0️ მილიარდ დოლარს შეადგენს. ფონდის მფლობელი პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანი, საუდის არაბეთის მეფის ვაჟი, პრინცი, პრემიერ-მინისტრი მუჰამედ იბნ სალმანია. შედარებისთვის, „პარი სენ-ჟერმენის“ მფლობელი საინვესტიციო ფონდის აქტივები 30 მილიარდამდეა.