„ნიუკასლი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“ ბენჟამინ შეშკოს შეძენისთვის იბრძოლებენ #1TVSPORT
ინგლისის პრემიერლიგის ორი კლუბი – „ნიუკასლი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“ დაინტერესებულნი არიან „ლაიფციგის“ სლოვენიელი თავდამსხმელის, ბენჟამინ შეშკოს ტრანსფერით.
ბრიტანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, „ნიუკასლმა“ უკვე მოამზადა 73 მილიონი ევრო 21 წლის ფორვარდის შესაძენად და მზად არის მოლაპარაკებების დასაწყებად. თუმცა პროცესში ჩაერთო „მანჩესტერ იუნაიტედიც“, რომლის წარმომადგენლებიც ფეხბურთელის აგენტს ახლახან დაუკავშირდნენ და თავიანთი ინტერესი დააფიქსირეს.
საბოლოო გადაწყვეტილება შეშკოზე იქნება დამოკიდებული. ფეხბურთელი თავად განსაზღვრავს, რომელ კლუბში გააგრძელებს კარიერას.
სლოვენიელი ფეხბურთელი „ლაიფციგში“ 2023 წელს გადავიდა, ის გერმანულ კლუბთან კონტრაქტით 2029 წლის ზაფხულამდეა დაკავშირებული. გასულ სეზონში შეშკომ 45 შეხვედრაში 21 გოლი გაიტანა და ექვსი საგოლე გადაცემა შეასრულა.