„ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი“ ფუტსალში საქართველოს თასის მფლობელია #1TVSPORT
საქართველოს ფუტსალის თასის ფინალში მოქმედი ჩემპიონი „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი“ ფუტსალის ლიგის დებიუტანტს, „დინამო თბილისს“ დაუპირისპირდა, დამაჯერებლად დაამარცხა 8:1 და მორიგი ტიტულის მფლობელი გახდა.
ფინალამდე გუნდებმა ფუტსალის ლიგაში ითამაშეს და ავთანდილ ასათიანის გუნდმა 6:2 მოიგო. თასისთვის გამართული მატჩი „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსმა“ კიდევ უფრო დამაჯერებლად ჩაატარა, თუმცა პირველი ტაიმის ფონზე ასეთი შედეგი მოულოდნელი იყო.
შეხვედრის პირველ ნახევარში ასათიანის გუნდი 2:0 დაწინაურდა, ხოლო მეორე ტაიმში უპირატესობა განიმტკიცა. იტალო ბსილიომ ჰეთ-თრიქი შეასრულა (16′, 21′, 23′), ვახტანგ ჯვარაშვილმა დუბლი გაიფორმა (27′, 35′), ხოლო თითო გოლი ვახტანგ კეკელიას (14′), დავით ხეჩიკაშვილის (37′) და ლაშა კურტანიძის (38′) ანგარიშზეა.
„დინამოს“ მხრიდან თავი ლაშა-გიორგი ობოლაძემ (28′) გამოიჩინა.