ნიუ იორკის მერი პოლიციის დაფინანსებას შეამცირებს
ნიუ იორკის მერი პოლიციის დაფინანსებას შეამცირებს

ნიუ იორკის მერმა, ბილ დე ბლასიომ პირობა დადო, რომ ნიუ იორკის პოლიციის უწყების ყოველწლიურ ბიუჯეტს შეამცირებს. ინფორმაციას „ნიუ-იორკ თაიმსი“ ავრცელებს.

ამჟამად ნიუ იორკის პოლიცია ბიუჯეტიდან წელიწადში ექვსი მილიარდი დოლარით ფინანსდება.

დე ბლასიოს გადაწყვეტილება ნიუ იორკში მიმდინარე საპროტესტო აქციებს უკავშირდება. საპროტესტო აქციის მონაწილეები, პოლიციის მხრიდან ძალადობის შეწყვეტის გარდა, მათი დაფინანსების შემცირებასაც ითხოვდნენ.

ნიუ იორკში ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გამო დაწყებული აქციები უკვე მეათე დღეა, მიმდინარეობს. ქალაქში დღეს კომენდანტის საათი გაუქმდა და როგორც ადგილობრივი პოლიცია იუწყება, ვითარება დიდწილად სტაბილურია.

დე ბლასიოს ჯერ არ გაუსაჯაროებია, რამდენით შეამცირებს პოლიციის ბიუჯეტს, თუმცა მან განაცხადა, რომ პოლიციის უწყების ბიუჯეტიდან გამოკლებული თანხა სხვადასხვა სოციალურ და ახალგაზრდულ პროექტს მოხმარდება.