„ნიუ იორკ თაიმსი“ – ჯონ რეტკლიფი მოსკოვში საიდუმლო ვიზიტით ჩავიდა და რუსეთს ომის დასრულებისკენ მოუწოდა
აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი ჯონ რეტკლიფი რუსეთში საიდუმლო ვიზიტით ჩავიდა, რათა მოსკოვისთვის უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ ვაშინგტონის მკაცრი შეფასება პირადად გაეზიარებინა და ომის დასრულების მიზნით მოლაპარაკებების დაწყების აუცილებლობაზე ესაუბრა, – ამის შესახებ „ნიუ იორკ თაიმსი“ წერს.
გამოცემის წყაროების ცნობით, რეტკლიფს სურდა, რუსეთის ხელისუფლება დაერწმუნებინა, რომ ახლა შეთანხმების მიღწევის დროა, ვიდრე ქვეყნის სამხედრო და ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება.
გამოცემის ინფორმაციით, რეტკლიფმა გზავნილი რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს, ალექსანდრ ბორტნიკოვს გადასცა.
ამასთან, როგორც გამოცემა წერს, რეტკლიფი რუსეთს შესაძლო შედეგებით არ დამუქრებია იმ შემთხვევაში, თუ ვლადიმერ პუტინი ომის გაგრძელებას გადაწყვეტდა.
გამოცემის ცნობით, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ანალიტიკოსები დიდი ხანია, ეჭვქვეშ აყენებენ პუტინის მრჩევლების მიერ ომის მიმდინარეობისა და მასშტაბების შესახებ მიწოდებული შეფასებების სანდოობას.
რეტკლიფმა ბორტნიკოვს, რუსეთისთვის არსებული მძიმე სამხედრო და ეკონომიკური ვითარების შეფასების ფონზე, განუცხადა, რომ მისი აზრით, მოსკოვისთვის დროა, ომის დასრულებაზე სერიოზული მოლაპარაკებები დაიწყოს. მისი თქმით, რუსეთმა 18 თვის განმავლობაში უკრაინის ტერიტორიის მხოლოდ დაახლოებით ერთი პროცენტი დაიკავა.
ამასთან, რეტკლიფის განცხადებით, ფრონტის ხაზზე რუსი ჯარისკაცის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 35 წუთზე ნაკლებია, ხოლო უკრაინის მიერ დრონების ტექნოლოგიების გამოყენების მაღალი დონე რუსეთისთვის მძიმე და მზარდ ხარჯებს ქმნის.