„ნიუ-იორკ თაიმსი“ - ალექსეი ნავალნი რუსეთში დაბრუნებას გეგმავს
„ნიუ-იორკ თაიმსი“ - ალექსეი ნავალნი რუსეთში დაბრუნებას გეგმავს

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი რუსეთში დაბრუნებას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა „ნიუ-იორკ თაიმსი“ გერმანიის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც მედიასაშუალებისთვის გახდა ცნობილი, ალექსეი ნავალნი უკვე ესაუბრა გერმანიის პროკურატურის წარმომადგენელს, რომელთანაც განაცხადა, რომ რუსეთში დაბრუნებას გეგმავს, როგორც კი ამას შეძლებს.

„მან სრულად იცის თავისი მდგომარეობა, სრულად იცის, რა მოხდა და იცი, სად იმყოფება“, – განუცხადა „ნიუ-იორკ თაიმსს“ ანონიმურად გერმანიის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ ბერლინის საავადმყოფოში მყოფი რუსი ოპოზიციონერის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. ექიმების თქმით, ალექსეი ნავალნის უკვე შეუძლია, დამოუკიდებლად წამოდგეს ლოგინიდან.

შეგახსენებთ, 2 სექტემბერს გერმანიის მთავრობამ დაადასტურა, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოწამლეს. სწორედ ეს ნივთიერება იქნა გამოყენებული 2018 წელს ინგლისის ქალაქ სოლსბერიში რუსეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცრის, სერგეი სკრიპალის მოწამვლისას.

ალექსეი ნავალნი 20 აგვისტოს ტომსკიდან მოსკოვში მიმავალ რეისზე გახდა შეუძლოდ.