„ნიუ იორკ პოსტი“ – დონალდ ტრამპს სურს, ჯანი ინფანტინო გაერო-ს გენერალური მდივანი გახდეს
აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს სურს, ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო გაერო-ს გენერალური მდივანი გახდეს. ამის შესახებ „ნიუ იორკ პოსტი“ წერს.
წყაროების ცნობით, ტრამპი მიიჩნევს, რომ ინფანტინო მსოფლიოში დიდი პატივისცემით სარგებლობს და ადამიანების გაერთიანების განსაკუთრებული უნარი აქვს.
გაერო-ს მოქმედ გენერალურ მდივანს, ანტონიუ გუტერეშს უფლებამოსილების ვადა 2026 წლის დეკემბერში ეწურება. ახალი გენერალური მდივნის ასარჩევად კანდიდატმა ჯერ გაერო-ს უშიშროების საბჭოს 15 წევრის მხარდაჭერა უნდა მოიპოვოს, შემდეგ კი მისი კანდიდატურა გენერალურმა ასამბლეამ უნდა დაამტკიცოს.
ამ დროისთვის უცნობია, თავად ჯანი ინფანტინოს სურს თუ არა აღნიშნული თანამდებობის დაკავება და რამდენად განუხილავს ეს საკითხი ტრამპთან.
წყაროების ინფორმაციით, ტრამპი მიიჩნევს, რომ სხვა კანდიდატები, რომელთა შორისაც არიან ჩილეს ყოფილი პრეზიდენტი მიშელ ბაჩელეტი და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორი რაფაელ გროსი, სუსტები არიან.
ოფიციალური განცხადება ამ დროისთვის არც თეთრ სახლს, არც ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციას და არც გაერო-ს არ გაუკეთებია.