ნინუამ მშობლიური „დინამოს“ აკადემია მოინახულა - ფეხბურთელებმა ჯერ აქ უნდა დაამტკიცონ #1TVSPORT
ნინუამ მშობლიური „დინამოს“ აკადემია მოინახულა - ფეხბურთელებმა ჯერ აქ უნდა დაამტკიცონ #1TVSPORT

სალონიკის პაოკ-ის ქართველი ლეგიონერი ნიკა ნინუა დასასვენებლად საქართველოში დაბრუნდა. 21 წლის ნახევარმცველმა მშობლიური „დინამო თბილისის“ აკადემია მოინახულა და აკადემიის ფეხბურთელებს მიმართა.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან აქ, „დინამო თბილისის“ ბაზაზე, ამ გუნდის მწვრთნელებმა გამზარდეს. აქაურობა ძალიან მომენატრა და მონახულება მომინდა. როდესაც დრო მექნება, აკადემიის და „დინამოს“ ბაზას და ამ ხალხს ყოველ წელს აუცილებლად ვესტუმრები. უზომოდ ბედნიერი ვარ, რადგან „დინამოს“ მთავარ გუნდში აქედან მოვხდი და წარმატებას აქ მივაღწიე. აკადემიის ბავშვებს მინდა ვუთხრა, რომ მათი მიზანი „დინამოს“ პირველ გუნდში მოხვედრა უნდა იყოს, მერე იქ უნდა დაამტკიცონ, „დინამოსთან“ ერთად ყველა ტიტული მოიგონ და შემდეგ უცხოეთის რომელიმე კარგ კლუბში გზა გაეხსნებათ“, – ამბობს ნიკა ნინუა.

2020 წლის 14 აგვისტოს, პაოკ-მა გამოაცხდა, რომ ნიკა ნინუასთან კონტრაქტი გააფორმა. ქართველმა ნახევარმცველმა ხელშეკრულება 2024 წლის ზაფხულამდე გააფორმა. არსებული ინფორმაციით, „დინამო თბილისმა“ ტრანსფერის სანაცვლოდ 850 000 ევრო მიიღო.

ნინუას ნათამაშები აქვს საქართველოს 17, 19 წლამდელთა და ახალგაზრდულ ნაკრებებში. „დინამოში“ თამაშობდა 2016–2020 წლებში და 79 მატჩში 13 გოლი გაიტანა.