ნინუა ისევ სათადარიგოებში დარჩა და ჯერ ქეცბაიასთანაც არ უშვებენ
ნინუა ისევ სათადარიგოებში დარჩა და ჯერ ქეცბაიასთანაც არ უშვებენ

ნიკა ნინუა სალონიკის პაოკ-ში ისევ არ ათამაშეს. საბერძნეთის ჩემპიონატის მე-14 ტურში მისი გუნდი „ლარისას“ ესტუმრა და შეხვედრა 1:1 დაასრულა.

21 წლის ქართველი ნახევარმცველი ისევ სათადარიგოებში იყო და სკამიდან არ წამომდგარა. 14 ტურის შემდეგ პაოკ-მა 28 ქულა დააგროვა და საბერძნეთის სუპერლიგაში მე-3 ადგილზეა, ლიდერ პირეოსის „ოლიმპიაკოსს“ კი 7 ქულით ჩამორჩება.

იყო მოლოდინი, რომ ნიკა ნინუა ფამაგუსტას „ანორთოსისში“ გადავიდოდა. კვიპროსული გუნდის ქართველ მწვრთნელ თემურ ქეცბაიას მისი სასწრაფოდ დამატება სურდა, ტრანსფერზე გუნდების ხელმძღვანელებმა – ოლაფ რებემ (პაოკ-ის სპორტული დირექტორი) და ევგენიოს ჰამპულასმა („ანორთოსისის“ პრეზიდენტი) დაილაპარაკეს და საიჯარო ხელშეკრულების გაფორმებასთან ახლოს იყვნენ.

თუმცა, ნინუა ისევ საბერძნეთშია და უცნობია, პაოკი 21 წლის ქართველ ნახევარმცველს კვიპროსში როდის გაუშვებს.