ნინო სალუქვაძის ტირში საქართველოს ჩემპიონატი ხვალ შერეულ წყვილთა შეჯიბრებით დასრულდება
ნინო სალუქვაძის ტირში საქართველოს ჩემპიონატი ხვალ შერეულ წყვილთა შეჯიბრებით დასრულდება

ოლიმპიური ჩემპიონის ნინო სალუქვაძის ტირში საქართველოს ჩემპიონატი ხვალ შერეულ წყვილთა შეჯიბრებით დასრულდება.

პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში საქართველოს ჩემპიონები დღეს ვაჟთა შორის გამოვლინდნენ. უფროსების მსგავსად ახალგაზრდებშიც პირველობისთვის 20 მსროლელი იბრძოდა.

შეჯიბრში თბილისის, ქუთაისისა და თელავის გუბდები გამოვიდნენ. კახეთის გუნდი ტრადიციულად პარამსროლელებით არის წარმოდგენილი, მაგრამ ამჯერად ჩემპიონატზე ლადო ჭინჭარაული არ გამოვიდა, რადგან ის არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში დაგეგმილ მსოფლიო თასის გათამაშებაზე იასპარეზებს.
გოგონებისგან განსხვავებით ვაჟებში ყველა მედალი თბილისელებმა მოიპოვეს.

საქართველოს ჩემპიონი 557 ქულით ცოტნე მაჭავარიანი გახდა, ახალგაზრდებში კი პირველობა არავის დაუთმო ახალგაზრდებში ევროპის გუნდური პირველობის მესამე პრიზიორმა აკაკი მოსულიშვილმა, მის ანგარიშზე 553 ქულაა.

საქართველოს ჩემპიონატში უკონკურსოდ გამოვიდა პნევმატური თოფით მოასპარეზე უჩა ახალაური.
საქართველოს ჩემპიონატი ხვალ შერეულ წყვილთა შეჯიბრებით დასრულდება და პირველობისთვის 14 წყვილი იბრძოლებს.

ხვალვე ოლიმპიური ჩემპიონის ნინო სალუქვვაძის ტირში დაჯილდოვების საზეიმო ცერემონია გაიმართება.