ნინო სალუქვაძე - კანონმდებლობაში ცვლილებები აუცილებელია, რადგან სპორტული იარაღის შემოტანა პრობლემაა #1TVSPORT
ნინო სალუქვაძე - კანონმდებლობაში ცვლილებები აუცილებელია, რადგან სპორტული იარაღის შემოტანა პრობლემაა #1TVSPORT

საქართველოს სროლის სახეობათა ეროვნული ფედერაციის პირველ ვიცე-პრეზიდენტად არჩეული ნინო სალუქვაძე აცხადებს, რომ სახეობის განვითარებისთვის კანონმდელობაში შესაბამისი ცვლილებები აუცილებელია.

„ჩვენთან იარაღის შემოტანაზე მკაცრი კონტროლია და ეს ბუნებრივია. მაგრამ ჩვენი სახეობის განვითარებას ხელს უშლის ის ფაქტი, რომ სპორტული იარაღის შემოტანაც პრობლემაა. მაგალითად, მე და ჩემი შვილი შოთა მაჭავარიანი ტურნირებზე ნათხოვარი იარაღით გამოვდივართ. შვეიცარიელებმა ახალი იარაღები გვაჩუქეს და ვერ ჩამოვიტანეთ. ამიტომ კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებები აუცილებელია“, – განაცხადა ნინო სალუქვაძემ.

საქართველოს სროლის სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტად არჩეული მამუკა მერკვილაძე აცხადებს, რომ ამ პრობლემის მოგვარებას შეეცდება.

„საერთაშორისო ურთიერთობების დიდი გამოცდილებაც მაქვს და ვეცდები, მოვიძიო მეტი რესურსი სპორტის ამ სახეობის კიდევ უფრო მეტად ასაღორძინებლად. ასევე შევეცდები, რომ კანონმდებლობაში არსებული დაბრკოლებების მოსაგვარებლად მუშაობა დავიწყო“, – თქვა ფედერაციის ახალმა პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ ვარკეთილში, სასტენდო სროლის ბაზაზე გამართულ საქართველოს სროლის სახეობათა ეროვნული ფედერაციის საანგარიშო-საარჩევნო ყრილობაზე მამუკა მერკვილაძეს კონკურენტი არც ჰყოლია და ერთხმად მიიღო მოწვეულთა მხარდაჭერა.

დატოვე კომენტარი