ნინო ლომჯარიამ დეკანოზი გიორგი მამალაძე ღუდუშაურის კლინიკაში მოინახულა
ნინო ლომჯარიამ დეკანოზი გიორგი მამალაძე ღუდუშაურის კლინიკაში მოინახულა

სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე ღუდუშაურის კლინიკაში მოინახულა.

ლომჯარიას განცხადებით, დეკანოზი კონტაქტურია და მისი ძირითადი ჩივილი მარჯვენა ხელისა და ფეხის მოძრაობის შეზღუდვას უკავშირდება.

„ვინახულე მსჯავრდებული, პირადად ვესაუბრე კლინიკის ხელმძღვანელობას. პირველ რიგში ვიტყვი, რომ პაციენტი კონტაქტურია. მისი განცხადებით, შეზღუდული აქვს მარჯვენა ხელისა და ფეხის მოძრაობა. რაც შეეხება დიაგნოზს, საავადმყოფოს წარმომადგენლის განცხადებით, დეკანოზს უტარდება არაერთი გამოკვლევა და პაციენტი დაკვირვების ქვეშაა. კონსილიუმზე შეჯამდება გამოკვლევები და სავარაუდოდ, ხვალ ზუსტ დიაგნოზს გაასაჯაროებენ“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

სახალხო დამცველმა დეკანოზის შეწყალებაზეც ისაუბრა.

„მე ვიყავი კომისიის წევრი, რომელმაც განიხილა აღნიშნული საკითხი, თუმცა, გადაწყვეტილების მიღებისას საჭირო იყო სრული კონსენსუსი და ეს კონსენსუსი არ შედგა. მე შემიძლია ჩემს გადაწყვეტილებაზე ვისაუბრო- მაშინ მხარი დავუჭირე დეკანოზის შეწყალებას. რა იქნება მომავალში, ახალი პრეზიდენტის პრეროგატივაა. ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, ეს გადაწყვეტილება იმის გამო მივიღე, რომ აღნიშნულ საქმეზე არსებობს მთელი რიგი კითხვები”,- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.