ნინო ლომჯარია - სააკაშვილს ჰოსპიტალიზაციაზე თანხმობა არ აქვს გაცემული, პატიმარი უარს თუ აცხადებს სამედიცინო მომსახურებაზე, მას სამედიცინო მომსახურება არ გაეწევა, ვიდრე არის საღ გონებაზე
ნინო ლომჯარია - სააკაშვილს ჰოსპიტალიზაციაზე თანხმობა არ აქვს გაცემული, პატიმარი უარს თუ აცხადებს სამედიცინო მომსახურებაზე, მას სამედიცინო მომსახურება არ გაეწევა, ვიდრე არის საღ გონებაზე

​სააკაშვილს ჰოსპიტალიზაციაზე თანხმობა არ აქვს გაცემული, პატიმარი უარს თუ აცხადებს სამედიცინო მომსახურებაზე, მას სამედიცინო მომსახურება არ გაეწევა, ვიდრე არის საღ გონებაზე​, – ამის შესახებ იუსტიციის სამინისტროში გამართული შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

ლომჯარიას თქმით, მულტიფუნქციურმა ჯგუფმა შეაფასა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დგომარეობა და მათი თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

„მოგეხსენებათ, დღეს პირველად იყო შესული მულტიფუნქციური ჯგუფი ციხეში. შეაფასეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და გაეცნენ სამედიცინო ჩანაწერებს. ექსპერტთა მოსაზრებები ემთხვევა მისი პირადი ექიმის მოსაზრებებს. ჩვენ დეტალურად ვისაუბრეთ, მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია და რეკომენდაციები მოვისმინეთ. ზოგადად დეტალებს ვერ მოგახსენებთ, მაგრამ ექიმთა შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური. იქიდან გამომდინარე, რომ არის შიმშილობის მეცხრამეტე დღე, შეიძლება, გართულდეს მდგომარეობა. ამიტომ, ისინი პრევენციული მიზნით რეკომენდაციას უწევენ მის ჰოსპიტალიზაციას. თუმცა სააკაშვილის თანხმობა არ აქვს გაცემული და შესაბამისად ჩვენ ვზრუნავთ იმაზე, ვიდრე ის განაცხადებს თანხმობას, ადგილზე იყოს მობილიზებული შესაბამისი სამედიცინო პერსონალი და გაეწიოს მას დროული დახმარება, თუკი მდგომარეობა გართულდება.

თუ პატიმარი უარს აცხადებს სამედიცინო მომსახურების მიღებაზე, მას სამედიცინო მომსახურება არ გაეწევა, ვიდრე ის არის საღ გონებაზე; ვიდრე მას შეუძლია, დააფიქსიროს საკუთარი ნება. თუმცა, თუ ვითარება იმდენად გართულდა, რომ ის საჭიროებს ჩარევას და გადაუდებელ დახმარებას, ამ შემთხვევაში, ექიმები ვალდებული არიან, რომ გაუწიონ მას სამედიცინო დახმარება. მაგრამ თუ პაციენტი გაცნობიერებულად უარს ამბობს დახმარებაზე, მას სამედიცინო დახმარება ვერ გაეწევა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ იქნება მიხეილ სააკაშვილის თანხმობა ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით, რომ მოსალოდნელი გართულებები იყოს მაქსიმალურად დაზღვეული. ჩემი რეკომენდაცია არის, რომ ეს რეკომენდაციები იყოს მაქსიმალურად გათვალისწინებული, თუ სააკაშვილი არ დაეთანხმა ჰოსპიტალიზაციას, მაშინ რა შეიძლება, იყოს ალტერნატივა, რომ მას გაეწიოს დახმარება.

დღეს მივიღეთ ეს რეკომენდაცია და იმაზეც იქნება მსჯელობა, რომელი ჰოსპიტალი იქნება, რომელიც მიიღებს მას. ყოველდღიურ რეჟიმში ექსპერტები მონიტორინგს გაუწევენ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას. პირადი ექიმი აპირებს მის ყოველდღიურ მონახულებას“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.