ნინო ლომჯარია - მოსამართლეების შერჩევის პროცესი განსაზღვრავს, 20-30 წელიწადში ვინ იქნება უზენაესი მსაჯული ქვეყანაში
ნინო ლომჯარია - მოსამართლეების შერჩევის პროცესი განსაზღვრავს, 20-30 წელიწადში ვინ იქნება უზენაესი მსაჯული ქვეყანაში

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ მოსამართლეთა შერჩევის წესთან დაკავშირებით მომზადებულ კანონპროექტში შეუსრულებელი რჩება ის საკითხი, რაც კანდიდატების შეფასების სისტემას და მათი ქულების მიხედვით პარლამენტისადმი წარდგენას ეხება. ლომჯარიას თქმით, ვენეციის ერთ-ერთი პრინციპული რეკომენდაცია რჩება, რაც კანდიდატების შეფასების საფუძველზე ნომინირებას შეეხება.

„ჩემი სათქმელი პარლამენტს ვუთხარი. რეკომენდაციებიდან შეუსრულებელი რჩება ის საკითხი, რაც კანდიდატების შეფასების სისტემას და მათი ქულების მიხედვით პარლამენტისადმი წარდგენას ეხება. მაისში ეუთო-ს დასკვნის ავტორებს ველოდებით და შეხვედრას ორგანიზებას გავუწევთ, სადაც მაღალი დონის ექსპერტებს საშუალება ექნებათ, განვიხილოთ, ცვლილებები რამდენად შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან. ვინაიდან, ეს პროცესი განსაზღვრავს, 20-30 წელიწადში ვინ იქნება უზენაესი მსაჯული ქვეყანაში, ისეთი კანონები უნდა მივიღოთ, რაც გაუძლებს, ამ პერიოდს და ყველა გადაწყვეტილება გულისყურით აწონ-დაწონილი უნდა იყოს.

ერთ-ერთი პრინციპული რეკომენდაცია რჩება, რაც შეეხება კანდიდატების შეფასების საფუძველზე ნომინირებას. პრაქტიკაში თუ როგორ იქნება განხორციელებული ცვლილებები და გაუძლებს თუ არა 20-30 წელს, ამას პროცესი აჩვენებს. პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციას დიდი მნიშვნელობა ექნება. კარგია, რომ პროცესი გაიხსნა და საშუალება გვექნება, კანდიდატების გასაუბრება როგორ წარიმართება. თუ პრაქტიკამ აჩვენა, რომ კანდიდატების ნომინირება მოხდება არა კომპეტენციით, არამედ სხვა ნიშნებით, იმედს დავიტოვებ, რომ პარლამენტი თავის პოლიტიკურ უფლებამოსილებას გამოიყენებს“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.