ნინო ბურჯანაძე - მადლობა კელი დეგნანს, მისი უდიდესი წვლილია, რომ მოვიპოვეთ პროპორციული სისტემა
ნინო ბურჯანაძე - მადლობა კელი დეგნანს, მისი უდიდესი წვლილია, რომ მოვიპოვეთ პროპორციული სისტემა

მადლობა კელი დეგნანს, მისი უდიდესი წვლილია, რომ მოვიპოვეთ პროპორციული სისტემა, – ამის შესახებ პოლიტიკური პარტია „ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე აცხადებს.

„მივესალმები ქალბატონ კელის განცხადებას და დიდი მადლობა მინდა გადავუხადო იმისთვის, რომ უდიდესია მისი წვლილი, რომ ჩვენ მოვიპოვეთ პროპორციული სისტემა. დღევანდელი განცხადება კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ამერიკა დაინტერესებულია, საქართველოში ჩატარდეს თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები. სასიხარულოა, რომ მხარს გვიჭერენ და მეორე მხრივ, სამწუხაროა, რომ პრაქტიკულად, ქართველ ხალხსა და ჩვენს მეგობრებს ბრძოლა უწევთ საქართველოს ხელისუფლებასთან, რომ არჩევნები აიძულონ და ჩაატარონ ნორმალურად.

ეს სამწუხაროა, მაგრამ იქნებ მოვიდეს ხელისუფლება გონზე. როდესაც შენი მოსახლეობა მოითხოვს შენგან თავისუფალი არჩევნების ჩატარებას და შენი სტრატეგიული პარტნიორი იგივეს მოითხოვს, რასაც შენი მოსახლეობა. თუ არ გაიგონებს, დაყრუვდება და დაბრმავდება, ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდება ხელისუფლება“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ისურვებდა, „დასრულდეს ინდივიდების პოლიტიკა, რომელიც ასე ჰყოფს ქართულ საზოგადოებას, გზას უხსნის ქვეყანაში დაპირისპირებასა და დაბნეულობას“.