ნინო ბურჯანაძე - ხელისუფლება არანაირ შემოთავაზებაზე წამოსვლას თუ არ აპირებს, ეს ნიშნავს, რომ დიპლომატებთან შეხვედრა ქულების ჩასაწერადაა
ნინო ბურჯანაძე - ხელისუფლება არანაირ შემოთავაზებაზე წამოსვლას თუ არ აპირებს, ეს ნიშნავს, რომ დიპლომატებთან შეხვედრა ქულების ჩასაწერადაა

​„ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ​ ​ხელისუფლება ოპოზიციის არანაირ შემოთავაზებაზე წამოსვლას თუ არ აპირებს, ეს ნიშნავს, რომ დიპლომატებთან შეხვედრა ქულების ჩასაწერადაა. ამის შესახებ მან განაცხადა შეხვედრის წინ, რომელიც დიპლომატების მონაწილეობით ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის იმართება.

„მოხარული ვარ, თუ ასეთი განცხადებები გაკეთდა და ნამდვილად კონსტრუქციული განცხადებაა, როცა აცხადებს ხელისუფლება, რომ მოისმენს არგუმენტებს, რადგან გუშინ კეთდებოდა განცხადებები, რომ კატეგორიულად არ ეთანხმებიან ჩვენს წინადადებებს და უბრალოდ, აგვიხსნიან, რომ არ გვეთანხმებიან და არ მოდიან რაიმე ტიპის კომპრომისზე“, – განაცხადა ბურჯანაძემ ჟურნალისტებთან საუბრის დროს.

ბურჯანაძე აღნიშნავს, რომ ოპოზიცია კონსტრუქციულადაა განწყობილი.

„წინასწარ, თავს შევიკავებ განცხადებებისაგან, ერთადერთი ვიტყვი, რომ ჩვენ, ოპოზიცია ვართ ძალიან კონსტრუქციულად განწყობილი. ჩვენ ნამდვილად გვინდა, რომ განიმუხტოს კრიზისი, რომელიც არის ძალიან მძიმე ქვეყნისათვის, ძალიან მძიმე ჩვენი მოსახლეობისათვის, პროცესები რუსთაველის გამზირიდან გადავიდეს პარლამენტში. ჩვენ ამისათვის მზად ვართ. ამიტომ, ჩვენ მოვამზადეთ დოკუმენტი, რომელიც დარწმუნებული ვართ, რომ შესაბამისობაშია ჩვენს კონსტიტუციასთან და თუ მოიძებნება კონსესუსი, რომელიც რეალურად არის შანსი იმისა, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ გაჩნდეს შანსი, მოედნიდან გადავიდეს პროცესები პარლამენტში და მართლაც სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს, ეს იქნება მნიშვნელოვანი და ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.

თუ არ აპირებენ არანაირ შემოთავაზებაზე წამოსვლას და განხილვას, ეს ნიშნავს, რომ უბრალოდ, დიპლომატებთან ქულების ჩასაწერად არის ეს შეხვედრა. თუ აპირებენ არგუმენტების მოსმენას, ჩვენ მზად ვართ წარვუდგინოთ. იმედი მინდა ვიქონიო, რომ ხელისუფლება იქნება გონიერი და მოისმენს და შეისმენს არგუმენტებს“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

შეხვედრა სასტუმრო „ბილტმორში“ 10:00 საათზე დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.