ნინო ბურჯანაძე გია ვოლსკის მიმართავს - ცრუობთ, იტყუებით, ოღონდ ხმები მოიპოვოთ
ნინო ბურჯანაძე გია ვოლსკის მიმართავს - ცრუობთ, იტყუებით, ოღონდ ხმები მოიპოვოთ

ცრუობთ, იტყუებით, ოღონდ ხმები მოიპოვოთ, ყველაფერს აბრალებთ ადამიანებს, – ასე უპასუხა „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებას, რომელმაც განაცხადა: „უბედურება მოხდა, როცა ჩვენმა ოფიციალურმა პირებმა ტელევიზიებით განაცხადეს, რომ დავით გარეჯი საქართველოს არ ეკუთვნის და სულ ცოტა ხანში იმ კანონის გაუქმება მოხდა, რომელიც სახელმწიფო ინტერესების დარღვევისთვის პასუხისმგებლობას კისრულობს“.

„იმდენად მდაბალია, არაკაცურია, არაპოლიტიკურია მისი განცხადება, არ ვიცი, ღირს თუ არა პასუხის გაცემა. მაგრამ, რადგანაც გავრცელდა, ვუპასუხებ. ბატონო გია, თქვენ ის ვოლსკი ხომ არ ბრძანდებით, ნინო ბურჯანაძეს ძლივს რომ ელაპარაკებოდით? აზრი რომ ვერ გამოვიტანე, ისე ღელავდით. ის ნინო ბურჯანაძე გპასუხობთ, რა თქმა უნდა არ მოგიწოდებთ, წაიკითხოთ სისხლის სამართლის კოდექსი, რომელზეც ასე ბინძურად ცრუობთ. არაფერი არ გაუქმებულა, არც ერთი მუხლი არ ამოღებულა. ღალატია, ბატონო გია, ის, რასაც თქვენ ამბობთ, რომ თურმე ოპოზიცია, არასამთავრობოები ამბობენ, რომ დავით გარეჯი არის აზერბაიჯანის ტერიტორია. ეს არავის უთქვამას. დავით გარეჯი ჩვენი მიწაა, ჩვენი კუთვნილია და ამ ეტაპზე, ის მდებარეობს იმ ადგილზე, სადაც არის აზერბაიჯანის ტერიტორია. ზუსტად იმიტომ გვინდა მოლაპარაკებები, რათა ისე გაიმიჯნოს აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის საზღვარი, რომ დავით გარეჯი დაუბრუნდეს ისტორიულ საქართველოს.

ცრუობთ, იტყუებით, ოღონდ ხმები მოიპოვოთ, ყველაფერს აბრალებთ ადამიანებს. ძალიან სამარცხვინოა ის, რომ ასეთი ადამიანი არის ვიცე-სპიკერი. თქვენ ხართ ძალა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ქვია და გადაუსწარით გარეწრობაში, გამყიდველობაში „ნაციონალურ მოძრაობას“. დაამთავრებთ ისე და კიდევ უარესად, როგორც დაამთავრა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2012 წელს“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.