„ნინო ბურჯანაძე - ერთიანი საქართველო“ არჩევნებში ცალკე სუბიექტად მიიღებს მონაწილეობას და ბლოკებში არ გაერთიანდება
პოლიტიკურმა პარტიამ „ნინო ბურჯანაძე – ერთიანმა საქართველომ“ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის განცხადება შეიტანა. როგორც პარტიის წარმომადგენელმა გიგლა ბარამიძემ განაცხადა, ისინი ცალკე სუბიექტად რეგისტრირდებიან და არ აპირებენ ბლოკებში გაერთიანებას.
მისივე განმარტებით, პარტიას ცესკო-ში ორი წარმომადგენელი ეყოლება.
„დღეს ჩვენ, პარტიის წევრებთან ერთად, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მოვედით და შევიტანეთ განაცხადი 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობისათვის. ჩვენი პოლიტიკური ძალა „ნინო ბურჯანაძე – ერთიანი საქართველო“ არის ნომერი სამი. გარდა ამისა, ცესკო-ში ჩვენმა პოლიტიკურმა პარტიამ წარადგინა ჩვენ მიერ დანიშნული ორი ადამიანი, რომლებიც იქნებიან არჩევნების პერიოდში ჩვენი წარმომადგენლები. 2020 წლის არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც ჩვენი ძალისხმევით, საზოგადოებისა და ფასილიტატორი ელჩების მხარდაჭერით, მივაღწიეთ საკონსტიტუციო ცვლილებებს. ეს ნიშნავს იმას, რომ კონსტიტუციური გზით, მაგრამ რადიკალური გზით, რადიკალური რეფორმებით და ცვლილებებით, ჩვენ პარლამენტის დღევანდელი სახე უნდა შევცვალოთ და ეს შეიძლება, განხორციელდეს პროფესიონალი და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანებით. ჩვენი პოლიტიკური ძალა დარწმუნებულია საზოგადოების მხარდაჭერაში და იმ წარმატებაში, რასაც ჩვენ მივაღწევთ თქვენთან ერთად 2020 წლის არჩევნებში“, – განაცხადა გიგლა ბარამიძემ.