ნინო ბურჯანაძე -​ ოდირს კითხვის ნიშანი რომ გასჩენოდა გაგზავნილ კანონპროექტთან დაკავშირებით, აუცილებლად დააფიქსირებდა
ნინო ბურჯანაძე -​ ოდირს კითხვის ნიშანი რომ გასჩენოდა გაგზავნილ კანონპროექტთან დაკავშირებით, აუცილებლად დააფიქსირებდა

„ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე ოპოზიციის მიერ ეუთო-ოდირიდან მიღებულ დასკვნას პოზიტიურს უწოდებს. მისი თქმით, ოდირს კითხვის ნიშანი რომ გასჩენოდა გაგზავნილ კანონპროექტთან დაკავშირებით, აუცილებლად დააფიქსირებდა.

„ველოდით ოდირის დასკვნას. მოხარული ვარ, რომ დასკვნა მოვიდა და მოვიდა ისეთი, როგორიც არის – პოზიტიური, სადაც ერთი კითხვის ნიშანიც კი არ არის დასმული ჩვენ მიერ წარდგენილი მოდელის კონსტიტუციურიბასთან დაკავშირებით.

ჩვენ ამაში დარწმუნებული ვიყავით, ამიტომაც იყო ჩვენი პოზიცია ძალიან მყარი. ოდირის დასკვნის მოსვლამდეც მუდმივად ვიმეორებდით, რომ კონსტიტუციურობასთან კითხვის ნიშანი არ გვქონდა და არ ვაპირებდით ხელისუფლებისათვის დათმობას, ვინაიდან ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში პარლამენტი იყოს მართლაც პროპორციულად შესაბამისი მოსახლეობის ნებისა.

ამ დოკუმენტში ერთმნიშვნელოვნად არის ხაზგასმული, რომ ნებისმიერი სისტემა, ნებისმიერი საარჩევნო პოზიცია უნდა იყოს შეთანხმებული ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. ამ შეთანხმებას, პირდაპირ შემიძლია, გითხრათ ამ დოკუმენტიდან გამომდინარე, ერთადერთი შეიძლება ხელი შეუშალოს ქართული ოცნების სიბრიყვემ. სხვა კონსტიტუციურობა და კანონთან შეუსაბამობა ნამდვილად გამორიცხულია. კითხვის ნიშანიც კი რომ გასჩენოდა ოდირს ჩვენს მიერ გაგზავნილ კანონპროექტთან დაკავშირებით, აუცილებლად დააფიქსირებდა თავის მოსაზრებას“, – აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

„მე უკვე მოვისმინე დღეს ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის, ბატონი მდინარაძის განცხადება, რომელმაც კითხვა დასვა, რომ არის კი გაგზავნილი ეს მოდელიო, რომელზეც ლაპარაკი იყოო. კი, ბატონო მდინარაძე, ჩვენ საერთაშორისო აფერა ნამდვილად არ გვეხერხება, რაც წარმოგიდგინეთ თქვენ ოპოზიციამ, რაც წარვუდგინეთ ელჩებს. დიახ, ის კანონპროექტი იყო გაგზავნილი და იმ კანონპროექტზეა მიღებული პასუხი.

ამავდროულად, უნდა გამოვეხმაურო ასევე ბატონი მდინარაძის მეორე განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ თურმე ჩვენ, ოპოზიცია მანიპულაციას დავიწყებთ და ის ქართველ ხალხს არ მოატყუებინებს ოპოზიციას. ამას თქვენ ჩვენ გვეუბნებით?! მართლა საერთაშორისო აფერა ჩაატარეთ, როდესაც მთელი ქართველი ხალხი მოატყუეთ. არა მარტო საქართველოს მოსახლეობა, არა მარტო პოლიტიკური პარტიები, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობა, გაერო-ს ტრიბუნიდან განაცხადეთ, მივიღებთ ამ სისტემასო და მერე გვითხარით, რომ გადავიფიქრეთო. თქვენ ლაპარაკობთ ტყუილზე?! ნამდვილად შემიძლია გითხრათ, რომ არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებ არც მე, არც ჩემი თანაგუნდელები, თანაპარტიელები, ასევე დარწმუნებული ვარ, სხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, რომ თქვენ კვლავ მოატყუოთ ქართველი ხალხი“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.