ნინიაშვილმა პარიზის გრანდ სლემი გამარჯვებით დაიწყო #1TVSPORT
ნინიაშვილმა პარიზის გრანდ სლემი გამარჯვებით დაიწყო #1TVSPORT

საფრანგეთის დედაქალაქში დღეს დაიწყო პრესტიჟული ტურნირი ძიუდოში – პარიზის გრანდ სლემი.

პირველ საშეჯიბრო დღეს მამაკაცები – 60, 66 და 73 კგ, ქალები კი 48, 52, 57 და 63 კგ წონით კატეგორიებში გამოვლენ. პარიზის გრანდ სლემზე მედლებისთვის დღეს ოთხი ქართველი იბრძოლებს.

შეჯიბრზე პირველი გამარჯვება უკვე მოიპოვა 66კგ-ში მოასპარეზე ბაგრატ ნინიაშვილმა. მან პირველ წრეში ეკვადორელი ლენინ პრესიადო გაფრთხილებებით დაამარცხა. ქართველის ბადეში ჭიდაობს ამ წონითი კატეგორიის ლიდერი, მოლდოველი დენის ვიერუ.

ტურნირზე რამდენიმე წუთში პირველ დაპირისპირებებს გამართავენ ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი (73კგ), თემურ ნოზაძე (60კგ) და ნაკრების დებიუტანტი მარიამ ციხელაშვილი (57კგ).

შარშანდელ ტურნირზე ქართველმა ძიუდოისტებმა ოთხი მედალი მოიპოვეს: ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) ჩემპიონი გახდა, ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) მეორე ადგილზე გავიდა, ხოლო ჯაბა პაპინაშვილი (60 კგ) და ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.

საფრანგეთის დედაქალაქში წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 11:00-ზე დაიწყო, ფინალური ბლოკი კი 20 საათზე გაიმართება.