ნილ რობერტსონი სნუკერში ტიტულების რაოდენობით მეექვსე ადგილზე გადავიდა
ნილ რობერტსონი სნუკერში ტიტულების რაოდენობით მეექვსე ადგილზე გადავიდა

ავსტრალიელი ნილ რობერტსონი სნუკერის პროფესიულ ტურში მორიგი ტურნირის – World Grand Prix-ის გამარჯვებული გახდა. ფინალში მან შოტლანდიელი გრემ დოტი 10:8 დაამარცხა.

მატჩის პირველი ნაწილის შემდეგ, რობერტსონი ორი ფრეიმით იყო წინ. ამ მონაკვეთში მან ორი 100-ქულიანი (110 და 127 ქულა) ბრეიკი შეასრულა, თამაშის განახლების შემდეგ კი კიდევ სამი „სენჩური” ჩაატარა – 101, 107 და 142 ქულა.

ახლა, რობერტსონის აქტივში კარიერაში 699 ასიანი ბრეიკია. ამ მაჩვენებლით ავსტრალიელი მეოთხე ადგილზეა ისტორიაში. „სენჩურების” რაოდენობით მასზე წინ არიან: სტივენ ჰენდრი (755), ჯონ ჰიგინსი (782) და რონი ო’სალივანი (1040).

რობერტსონმა მე-18 სარეიტინგო ტიტული მოიგო კარიერაში. მან გაუსწრო მსოფლიოს სამგზის ჩემპიონს მარკ სელბის (17). ავსტრალიელი მეექვსე ადგილზეა ყველაზე ტიტულოვანი სნუკერისტების სიაში: რონი ო’სალივანი (36), სტივენ ჰენდრი (36), ჯონ ჰიგინსი (30), სტივ დევისი (28) და მარკ უილიამსი (22).

ასევე დავამატებთ, რომ ბოლო სამი კვირის განმავლობაში, რობერტსონმა ორი ტიტული მოიგო და ერთხელ ფინალში ითამაშა.

შემდეგი სარეიტინგო ტურნირი 10-17 თებერვალს კარდიფში გაიმართება. Welsh Open-ის მოქმედი ჩემპიონი რობერტსონია.