ნიკოლოზ სამხარაძე - ვინც დღეს საქართველოს ნეიტრალიტეტზე ლაპარაკობს, ამ ქვეყნის მტერია, სალომე სამადაშვილის განცხადება არის ბოდვა
ნიკოლოზ სამხარაძე - ვინც დღეს საქართველოს ნეიტრალიტეტზე ლაპარაკობს, ამ ქვეყნის მტერია, სალომე სამადაშვილის განცხადება არის ბოდვა

პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ვინც დღეს საქართველოს ნეიტრალიტეტზე ლაპარაკობს, ამ ქვეყნის მტერია. ჟურნალისტებთან საუბარში ნიკოლოზ სამხარაძე სალომე სამადაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ოპოზიციონერმა დეპუტატმა აღნიშნა, რომ მისი ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლებას ნეიტრალიტეტზე აქვს რუსეთისგან კონკრეტული გზავნილები.

როგორც სამხარაძემ აღნიშნა, სამადაშვილი კომიტეტის სხდომებზეც გამოირჩევა თავისი მასხარაობით.

„სალომე სამადაშვილი თავისი ბოდვებით გამოირჩევა და მისი დღევანდელი განცხადება კიდევ ერთი ბოდვაა. ის კომიტეტის სხდომებზე გამოირჩევა თავისი მასხარაობით და მისი დღევანდელი განცხადება არის მორიგი მასხარაობა, რადგან სალომე სამადაშვილს ვერ ექნება ვერანაირი ინფორმაცია „ქართულ ოცნებაში“ რა ხდება. რაც შეეხება ნეიტრალიტეტს, მასზე საუბარი ვინ დაიწყო? – 17 მარტს მიხეილ სააკაშვილმა, რაც არის ამ ქვეყნისთვის მტრობის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი, რადგან ვინც დღეს ნეიტრალიტეტზე ლაპარაკობს, არის ამ ქვეყნის მტერი. დღეს ნეიტრალიტეტის არანაირი საკითხი არ დგას, საქართველოს კონსტიტუციაში წერია, რომ საქართველოს ამოცანაა, ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანება. ეს ის ჩანაწერია, რომელიც სხვათა შორის, 2017 წელს კონსტიტუციაში ჩვენ გავაკეთეთ და ამ კურსს მივყვებით. ვისაც ამ თემების შემოგდება უნდა, სწორედ ისინი ღალატობენ და მტრობენ ამ ქვეყანას. „ქართული ოცნებიდან“ ნეიტრალიტეტზე არავის საუბარი არ დაუწყია, მედიამ აიტაცა მიხეილ სააკაშვილის განცხადება. ეს არის გაგრძელება იმ მტრული და მოღალატეობრივი პოლიტიკის, რომელსაც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მიზანმიმართულად ეწევიან, რათა დააზიანონ ჩვენი ხელისუფლებისა და ქვეყნის იმიჯი. ცდილობენ, რაღაც პოლიტიკური ქულები დაიწერონ და ამის ხარჯზე მაინც მოვიდნენ ხელისუფლებაში. მინდა, მათ შევახსენო, რომ ქართული საზოგადოება ყველაფერს კარგად ხედავს და მათი ეს მცდელობაც წარუმატებელი იქნება“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.