ნიკოლოზ ბასილაშვილმა ზედიზედ მერვედ წააგო
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ზედიზედ მერვედ წააგო

ნიკოლოზ ბასილაშვილმა რვა მატჩამდე გააგრძელა თავისი წაგებათა სერია. 2020 წლის საჩოგბურთო სეზონის ბოლო „მასტერსზე“, რომელსაც საფრანგეთის დედაქალაქი პარიზი მასპინძლობს, ქართველმა ჩოგბურთელმა პირველ წრეში წააგო მსოფლიოს 34-ე ჩოგანთან, გერმანელ იან-ლენარდ შტრუფთან.

ამ ჩოგბურთელთა ურთიერთშეხვედრების ისტორია ოთხ მატჩს მოიცავდა და ანგარიში იყო – 2:2. მათი ბოლო შეხვედრა დუბაის ტურნირზე გაიმართა და მაშინ შტრუფმა ძალიან იოლად გაიმარჯვა 6:1, 6:0.

ამჯერად, ბასილაშვილმა უფრო მეტი იბრძოლა და მატჩში პირველი ბრეიკი სწორედ მან შეასრულა. ქართველი 4:1 დაწინაურდა და ამის შემდეგ, მთლიანად გადაულოცა ინიციატივა მეტოქეს – შტურფმა ზედიზედ ექვსი გეიმი აიღო, მოიგო პირველი სეტი და მეორეში ბრეიკით დაწინაურდა. ბასილაშვილი არ დანებდა და მეორე სეტის მეორე გეიმში უკურეიკი შეასრულა. თუმცა, ეს მისი ბოლო გაბრძოლება აღმოჩნდა. შტრუფმა კიდევ ორი ბრეიკი შეასრულა. საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ ბასილაშვილმა ზედიზედ ხუთი საკუთარი მოწოდება დათმო.

შეხვედრა საათი და 25 წუთი გაგრძელდა და შტრუფმა 6:4, 6:2 გაიმარჯვა. გერმანელს 16 ბრეიკ-პოინტი ჰქონდა და ხუთი გამოიყენა, ბასილაშვილმა – რვიდან ორი. ქართველმა შვიდი ორმაგი შეცდომა დაუშვა, პირველი მოწოდებით ქულების 53 პროცენტი მოიგო, მეორეთი – 42 პროცენტი.

ბასილაშვილმა პროფესიულ ტურნირებში ზედიზედ რვა მატჩი ისე წააგო, რომ სეტი არ მოუგია.