ნიკოლოზ ბასილაშვილმა სეზონი წაგებით განაახლა
ნიკოლოზ ბასილაშვილმა სეზონი წაგებით განაახლა

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული, თითქმის ექვსთვიანი პაუზის შემდეგ, განახლდა მამაკაცთა პროფესიული ტური. დაიწყო ცინცინატის „მასტერსი“, რომელსაც ნიუ იორკი მასპინძლობს.

განახლებული ტურის პირველ მატჩში თამაშის პატივი ერგო მსოფლიოს 27-ე ჩოგანს, ნიკოლოზ ბასილაშვილს, რომელიც კანადელ ფელიქს ოჟე-ალიასიმს ხვდებოდა.
ბასილაშვილისთვის ეს იყო პირველი მატჩი 3 მარტის შემდეგ, როცა მან თბილისში ესტონეთის წინააღმდეგ დევისის თასის მატჩში ვლადიმირ ივანოვს 6:4, 6:1 მოუგო. ატპ-ის დონეზე კი მან ბოლოს თებერვლის მიწურულს ითამაშა დუბაის ტურნირზე, სადაც მეორე წრეში წააგო გერმანელ იან- ლენარდ შტრუფთან – 1:6, 0:6.
საერთო ჯამში, ბასილაშვილს 2020 წელს უარყოფითი ბალანსი ჰქონდა – 4 მოგება და 5 წაგება.
რაც შეეხება ოჟე-ალიასიმთან ურთიერთშეხვედრათა ბალანსს, ბასილაშვილს ისიც უარყოფითი ჰქონდა – ორი წაგება და არც ერთი მოგება. ორივე შეხვედრა შარშან გაიმართა – მაიამის ჰარდზე და ლიონის გრუნტზე.

ბასილაშვილმა შესანიშნავად დაიწყო შეხვედრა და პირველივე გეიმში ბრეიკი შეასრულა. კანადელმა მეოთხე გეიმში შეძლო დაკარგული მოწოდების დაბრუნება, თუმცა, ბასილაშვილს უადვილდებოდა მეტოქის მოწოდებაზე თამაში. მან მეხუთე გეიმში მიიღო ორი ბრეიკ- პოინტი, მაგრამ შანსები ვერ გამოიყენა, სამაგიეროდ, ქართველმა მეშვიდე გეიმში შეასრულა მეორე ბრეიკი და სეტში მოგებას მიუახლოვდა. თუმცა, ამის შემდეგ ქართველს სერიოზული ჩავარდნა ჰქონდა – 4:3-ზე ზედიზედ სამი გეიმი დათმო, მათ შორის, ორი საკუთარ მოწოდებაზე და 4:6 წააგო პირველი პარტია.

ოჟე-ალიასიმმა მყარად მოიპოვა ინიციატივა და ის მატჩის ბოლომდე ხელიდან არ გაუშვა. ბასილაშვილს მეტოქის მოწოდებებზე შანსი აღარ ჰქონდა – მეორე სეტში კანადელის გეიმებში მხოლოდ სამი ქულა აიღო. თავის მხრივ, ოჟე-ალიასიმმა ორი ბრეიკი შეასრულა. საბოლოოდ, ჩრდილოამერიკელმა საათსა და 18 წუთში 6:4, 6:1 მოიგო და მეორე წრეში გავიდა.
ბასილაშვილმა 2 ეისითა და 8 ორმაგი შეცდომით დაასრულა შეხვედრა.