ნიკოლოზ ბასილაშვილმა სამმაგი დაფარული მატჩბოლი გაანიავა და ლიონის ტურნირი დატოვა
ნიკოლოზ ბასილაშვილმა სამმაგი დაფარული მატჩბოლი გაანიავა და ლიონის ტურნირი დატოვა

საფრანგეთის ქალაქ ლიონში ATP250 კატეგორიის ტურნირზე ფინალისტები გამოვლინდნენ. გადამწყვეტ მატჩში ვერ ითამაშებს ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელმაც სამ სეტში წააგო კანადელ ფელიქს ოჟე-ალიასიმთან – 6:2, 6:7(3), 4:6.

ბასილაშვილმა პირველ სეტში გაანადგურა კანადელი – ოჟე-ალიასიმმა მხოლოდ შვიდი ქულა აიღო მეტოქის გეიმებში. ქართველი კი მთელი სეტის განმავლობაში ორჯერ მივიდა ბრეიკ-პოინტამდე და ორივე შანსი გამოიყენა – ეს მოხდა პირველ და მეხუთე გეიმებში. საწყისი პარტია მხოლოდ 29 წუთი გაგრძელდა.

მეორე სეტში პირველი რვა გეიმი თანაბარი ბრძოლაში მიდიოდა. მეცხრე გეიმში ბასილაშვილმა სამმაგი ბრეიკ-პოინტი მოიპოვა, მაგრამ ოჟე-ალიასიმი გამოძვრა ამ რთული სიტუაციიდან და გეიმი გადაარჩინა. საბოლოოდ, ყველაფერი ამ პარტიაში ტაი-ბრეიკს უნდა გადაეწყვიტა, რომელშიც კანადელმა 3:3-ზე ზედიზედ ოთხი ქულა აიღო და სეტებში ანგარიში გაათანაბრა.

გადამწყვეტ სეტში თავიდან თანაბარი თამაში მიდიოდა, მაგრამ შემდეგ ჩოგბურთელებს დაღლა დაეტყოთ და ზედიზედ იღებდნენ ბრეიკ-პოინტებს. განსხვავება ის იყო, რომ ოჟე-ალიასიმი თავის შანსებს იყენებდა, ბასილაშვილი – ვერა. ნიკამ ბოლო გეიმებში ოთხი ბრეიკ-პოინტი გაანიავა. კანადელმა მეორე ჯერზე გამოიყენა მატჩბოლი და ფინალში გავიდა.